ახალი ამბები

რას ითვალისწინებს „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები

პარლამენტმა 82 ხმით, მესამე მოსმენით „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილება მიიღო.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განმარტა, რომ კანონპროექტის მიღების აუცილებლობა მცენარის სელექციონერის დაუცველობამ განაპირობა, ვინაიდან სელექციონერი ახალი ჯიშის გამოყვანის შემდგომ სელექციონერის განსაკუთრებული უფლების შესაბამის რეგისტრაციას ვერ ახერხებდა.

მისივე განმარტებით, საქართველოში აკრედიტირებული სუბიექტი არ არსებობდა, რომელიც მოახდენდა სელექციონერის განსაკუთრებული უფლების რეგისტრაციისთვის აუცილებელ მცენარის გამოცდას. მსგავსი მომსახურების საზღვარგარეთ მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები სელექციონერის განსაკუთრებული უფლების დაცვის პროცესს არარენტაბელურს ხდიდა.

კანონპროექტით საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კომპეტენტურ სუბიექტს განსაზღვრავს, რომელსაც უფლებამოსილებას მიანიჭებს აწარმოოს მცენარის გამოცდა განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე, დასკვნა კი თავის მხრივ, საქპატენტის მიერ სელექციონერის განსაკუთრებული უფლების დაცვაზე ვალიდური იქნება.