ახალი ამბები

მთავრობა რთველის სუბსიდირებიდან გამოსვლას მომავალ წელს დაიწყებს

საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას ეტაპობრივად შეწყვეტს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა „საქმიან დილაში“ რთველის სუბსიდირებიდან ეტაპობრივ გამოსვლაზე ისაუბრა და განმარტა, რომ 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, ყურძნის სუბსიდირებიდან გამოსვლისთვის, მთავრობა პირველ ნაბიჯებს უკვე მომავალი წლიდან გადადგამს.

„ჩვენს 10-წლიან გეგმაში, რომელიც 2030 წელს სრულდება, ყურძნის სუბსიდირებიდან გამოსვლა ერთ-ერთ მიზნად არის გაწერილი. პირველი ნაბიჯები, რომელსაც მომავალ წელს გადავდგამთ, სუბსიდირების ხარისხთან მიბმა იქნება. ამ სქემაზე მუშაობა მიმდინარეობს და ზუსტი სქემა ალბათ, წელსვე გვექნება, რათა იანვრიდან ვენახის სხვლა-ფორმირების დაწყებისას, ფერმერმა ის სქემა იცოდეს, რომელიც მას მომავალი წლის შემოდგომაზე ელის.

პირველ ეტაპზე ალბათ, ყურძნის ხარისხის მიხედვით სუბსიდირების მოცულობაში იქნება სხვაობა; შემდგომ ეტაპზე კი პირველი, რასაც ვიზამთ, უხარისხო ყურძნის სუბსიდირებიდან გამოსვლა იქნება“, – განმარტა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის ბიუჯეტში მთავრობას თეთრი ჯიშის ყურძნის სუბსიდირებისთვის 125 მლნ ლარი აქვს გათვალისწინებული. ლევან მეხუზლას ინფორმაციით, დღეისთვის ჩაბარებული 131 909 ტონა ყურძნიდან, მოსავლის მართვის კომპანიამ 25 000 ტონა ყურძენი მიიღო. სააგენტოს ხელმძღვანელმა ისიც თქვა, რომ საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 85-90%-ი წითელ ღვინოზე მოდის და ამის გამო ბაზარზე თეთრ ყურძენზე მოთხოვნა ნაკლებია.

მეხუზლას განმარტებით, თეთრი ჯიშის ყურძნებიდან ძირითადად მაღალალკოჰოლური საბრენდე სპირტი იწარმოება, რომლის მთავარი საექსპორტო ბაზარი უკრაინა იყო. შესაბამისად წელს თეთრ ყურძენზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად შემცირდებოდა. მიმდინარე წელს სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების პროგრამიდან არგამოსვლის მთავარ არგუმენტად ლევან მეხუზლა სწორედ ამას ასახელებს.