ახალი ამბები

ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 65 ლარით, სანომრე ნიშნის კი 45 ლარით ძვირდება

სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემის საფასური 65 ლარით, სანომრე ნიშნის გაცემის საფასური კი 45 ლარით იზრდება.

შესაბამისი კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. განმარტებითი ბარათის თანახმად, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცალკეული მომსახურების საფასურების გაზრდა ქვეყანაში ავტოპარკის ზრდის ფონზე სააგენტოს დატვირთვის გაზრდას უკავშირდება. კანონპროექტის თანახმად, 1-ელი იანვრიდან მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი ცალკეული მომსახურების დაწესებული საფასურები შემდეგი სახით კორექტირდება:

სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად იქნება 100 ლარი, ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად გახდება 80 ლარი;

ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა − 35 ლარის ნაცვლად გახდება 80 ლარი.
საქართველოს მთავრობა ელის, რომ ამ ცვლილებების შედეგად მიღებული შემოსავალი დაახლოებით 40 მილიონი ლარი იქნება. განმარტებითი ბარათის თანახმად, ეს თანხა მოხმარდება როგორც უშუალოდ მომსახურების სააგენტოს, ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას.

კანონი და შესაბამისად, მომსახურებებზე გაზრდილი საფასური 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.