შესაძლოა კვერცხი 7-8%-ით გაძვირდეს
მეფრინველეობის ასოციაციის თავმჯდომარემ და კომპანია კუმისის დირექტორმა ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს, რომ ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხის ფასი 7-8% -ით გაიზარდოს.
მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი სატრანსპორტო გადაზიდვებზე და მუშა – ხელის მომსახურებაზე ფასის გაზრდაა.
„თებერვლის შემდეგ კვერცხზე ფასი არ მომატებულა, თუმცა ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ოქტომბრიდან სავარაუდოდ კვერცხზე 7-8% –ით მოგვიწევს ფასის მომატება. მიუხედავად იმისა, რომ მარცვლეული და ხორბალი მცირედით გაიაფდა, ასევე გაიაფდა ზეთიც სხვა ყველაფერი გაძვირებულია, დაწყებული მუშა-ხელით დამთავრებული გადაზიდვებით. ამ რიგებმა სატრანსპორტო გადაზიდვები გააძვირა და ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ფაქტობრივად თვეებია წარმოებები მოგების გარეშე მუშაობენ. ასე უბრალოდ ზამთარს ვეღარ გადავიტანთ“, – აღნიშნა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას.
უჩუმბეგაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში შეიცვალა მომხმარებლის ქცევაც, თუ აქამდე ყველაზე გაყიდვადი კვერცხის 10 ცალიანი შეფუთვა იყო, დღეს 6 ცალიანია, რადგან მისივე თქმით ხალხს იმის ფუფუნება არ აქვს, რომ 10 ცალი იყიდოს. უჩუმბეგაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შემცირებული რეალიზაცია ბოლო პერიოდში საქართველოში შემოსულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნაკადებმა ნაწილობრივ შეავსეს.