საჯარო მოხეელეების ხელფასი 10%-ით, პოლიციელების, ჯარისკაცების და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ხელფასი კი 20%-ით გაიზრდება
2023 წლის იანვარში ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასი 10%-ით გაიზრდება და ეს ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. ჩვენ გამოვკვეთეთ პოლიციელები, ჯარისკაცები და უსაფრთხოების სამსახური და მათი ხელფასები, ყველა თანამშრომლისთვის იანვრიდან 20%-ით გაიზრდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა განმარტა, თავდაცვის სამინისტროს, შსს-სა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 490 მილიონი ლარით იზრდება, მათ შორის, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელფასები გაიზრდება 20%-ით ამ მიზნით გათვალისწინებულია 290 მილიონი ლარი.
„გახსოვთ, რომ იანვარში ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასები გავზარდეთ 10%-ით. 2023 წლის ასევე იანვარში გაიზრდება ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასი 10%-ით და ეს ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. ჩვენ გამოვკვეთეთ პოლიციელები, ჯარისკაცები და უსაფრთხოების სამსახური და მათი ხელფასები იანვრიდან 20%-ით გაიზრდება. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ პოლიციელებისა და ჯარისკაცებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს საცხოვრებელი ბინების მშენებლობაც. „ჯარის ქალაქი“ სრულდება და უკვე რამდენიმე თვეში გავხსნით, საცხოვრებელ ბინებს გადავცემთ 1000-ზე მეტ ჯარისკაცს და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.
რამდენიმე კვირაში დავიწყებთ „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობას. 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს და რა თქმა უნდა, ეს იქნება გრძელვადიანი პროგრამა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ერთჯერადი პროგრამა. ასევე გათვალისწინებული გვაქვს ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის პოლიციის შენობების რემონტი, ბაზების მშენებლობა-რემონტი, შეიარაღება, აღჭურვილობა, ახალი მანქანები და ა.შ.“- აცხადებს ღარიბაშვილი.