ზემო ლარსზე, რუსეთმა, შესაძლოა, საგანგებო რეჟიმი გამოაცხადოს
რუსეთში ე.წ ნაწილობრივი მობილიზაცია გრძელდება. პარალელურად, სულ უფრო იზრდება ქვეყნის დატოვების მსურველთა რიცხვი, მეზობელი ქვეყნების სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან ავტომობილების რამდენიმეკილომეტრიანი რიგებია.
ევროპული ქვეყნების პოზიცია, ომში გაწვევისგან თავის დაღწევის მსურველი რუსების მიღებასთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანია – ფინეთმა, პოლონეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ განაცხადეს, რომ ქვეყანაში შესვლის მსურველ რუს მამაკაცებს ავტომატურ თავშესაფარს არ მისცემენ, გერმანიაში კი ამბობენ, რომ ქვეყანაში რუსი მოქალაქეების მიღების საკითხს განიხილავენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთი რუსეთის რეგიონებიდან რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტრანსპორტის შესვლაზე შეზღუდვის დაწესებას გეგმავს. შესაძლოა, გამოცხადდეს საგანგებო რეჟიმიც.