საქართველოში ზეთი შესაძლოა, კიდევ გაიაფდეს
ოქტომბრიდან რუსეთი ზეთის ექსპორტზე გადასახადს ანულებს. შედეგად, საქართველოში ზეთის ფასი მინიმუმ კიდევ 5%-ით შემცირდება – ამის შესახებ იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ განაცხადა.
ივა ჭყონიას თქმით, საბაჟო გადასახადის პირობებშიც, ბოლო პერიოდში, ზეთი ყოველკვირეულად იაფდებოდა.
„ქართულ ბაზარზე ფასის კლება უკვე თვალშისაცემია. ფაქტობრივად, ყოველკვირეულად იაფდება ზეთი. ეს გამოწვუელია ერთის მხრივ, რუსეთის ჭარბი მოსავლით და მეორეს მხრივ უკრაინის პორტების და სხვა გზების გახსნითაც. ეს რა თქმა უნდა, ძალიან რთული ფაქტია. შესაბამისად, ყველანაირად ცდილობენ კონკურენტუნარიანები იყვნენ და გაყიდონ თავიანთი პროდუქცია. ახლა რუსეთის მიზანი, ბაზარზე კონკურენციის გაქრობაცაა. ზუსტი წარმოდგენა რომ ჰქონდეს საზოგადოებას, რუსული ზეთი 15-20%-ით უფრო იაფია, ვიდრე უკრაინული. შესაბამისად, ეს აისახება ფასებზეც. ვსაუბრობ არა ბრენდირებულ ზეთზე. ბრენდების ნაწილში ფასი უფრო ნელა იკლებს. ზოგადად რა თქმა უნდა, ტენდენცია დადებითია, ფასის ამ მასშტაბით კლება მომხმარებლამდეც მივა. რუსეთში საბაჟო გადასახადის კლება, კიდევ მინიმუმ 5%-ით შეამცირებს ზეთის ფასს“, – განაცხადა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ივა ჭყონიამ.
მისივე თქმით, რუსეთზე სასურსათო დამოკიდებულება ჩრდილოელი მეზობლის მიერ მუდმივ ეკონომიკურ ომში ყოფნაა.