ილია ბეგიაშვილი – კახეთში, დაახლოებით, 120 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
კახეთის რეგიონში ამჟამად, დაახლოებით, 120 მილიონი ლარის ღირებულების ასეულობით ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, რომლებიც დაფინანსებულია სხვადასხვა ფონდებიდან, როგორებიცაა- რეგიონული განვითარების ფონდი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამები.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი აცხადებს, რომ 55 მილიონის ღირებულებისაა ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე, დაახლოებით, 35 პროექტი.
„ამ დღეებში დავათვალიერეთ სწორედ ეს პროექტები, რომლებიც საკმაოდ საინტერესოა და აქტიურად მიმდინარეობს. ზოგიერთი მათგანი უკვე დასრულებულია. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული პროექტი ვადებში დამთავრდება და მათგან მიღებული სიკეთე მოხმარდება რეგიონის მოსახლეობას და ახალგაზრდებს,“– განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP-ის) პროექტების მონიტორინგის მიზნით, კახეთის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მოინახულეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა – მზია გიორგობიანმა და ილია ბეგიაშვილმა. სულ, კახეთის რეგიონში PIRDP-ის ფარგლებში, 54 293 782 ლარის 35 პროექტია დაფინანსებული.
მათ შორისაა,ქალაქ თელავში მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა,წნორში კულტურისა და დასვენების პარკის მშენებლობა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ინდუსტრიული უბნის, ბაკურციხის შემოვლით გზასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მარიამიჯვრის სახელმწიფო ნაკრძალთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, გურჯაანის კულტურის სახლის რეაბილიტაცია, სიღნაღი-ქვემო მაჩხაანის დამაკავშირებელი ტურისტული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ქალაქ ყვარელში ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარედ ტურისტული რეკრეაციული არეალის მოწყობა და სხვა.