წელს რთველის სუბსიდირება, სავარაუდოდ, 160 მილიონი ლარი დაჯდება
შესაძლოა, ,,რთველი 2022″-ს სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხა 160 მილიონ ლარამდე გაიზარდოს. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელებს, მიმდინარე წელს რთველის სუბსიდირება გასულ წელთან შედარებით 22 მილიონი ლარით მეტი დაუჯდებათ.
საქმე ისაა, რომ მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული კომპანია “აკურა” 50 მილიონი ლარის სუბსიდიის მიღების შემდეგ, დამატებით 40 მილიონ ლარს ითხოვს. თავის მხრივ, ღვინის ეროვნულ სააგენტოში, რომელმაც რთველის დასასუბსიდირებლად ჯამში 70 მილიონი ლარი გამოყო, აცხადებენ, რომ თანხის ზუსტი რაოდენობა დეკემბერში გახდება ცნობილი.
„სუბსიდირებაში დახარჯული თანხა საბოლოო ჯამში გვეცოდინება პირველი დეკემბრის შემდეგ. ამ ეტაპზე საწარმოებთან ხელშეკრულებები, ჩასაბარებელი ყურძნის გარკვეულ რაოდენობაზე, დადებულია. რთველის მიმდინარეობიდან და ყურძნის რაოდენობიდან გამომდინარე, რიცხვები დაკორექტირდება”,- განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ.
მისივე განმარტებით, წელს მთავრობა მხოლოდ თეთრ ყურძენს დაასუბსიდირებს, რადგან თეთრი ყურძენი სხვადასხვა ბრენდისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტების წარმოებაში გამოიყენება. ამ კომპონენტში კი უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, გარკვეული პრობლემები შეიქმნა და ფერმერებს დახმარება სჭირდებათ.
“გვაქვს ობიექტური გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია პანდემიასთან და ომთან. თეთრი ყურძნისგან დამზადებული ქართული ბრენდი და საბრენდე სპირტები, ძირითადად, სწორედ, ამ ბაზრებზე გადიოდა და დღეს თეთრი ყურძენი ამიტომაცაა უფრო მოწყვლადი, ვიდრე წითელი”,- აცხადებს ლევან მეხუზლა.
მთავრობამ რთველი გასულ წელსაც დაასუბსიდირა, რაზეც 138 მილიონი ლარი დახარჯა. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული, რთველის სუბსიდირების პროცესში მთელი რიგი კორუფციული პრობლემები გამოიკვეთა. კერძოდ, უპირატესობა ენიჭებათ მმართველი პარტიის შემწირველ და მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირში მყოფ კომპანიებს. ცნობისთვის, 2021 წელს საქართველომ ღვინის ექსპორტით $234 მლნ-ის შემოსავალი მიიღო. ქართული ღვინის ძირითად საექსპორტო ბაზრად რუსეთი რჩება, რომელზეც მთლიანი ექსპორტის 56% მოდიოდა. კერძოდ, გასულ წელს რუსეთიდან მიღებულმა შემოსავალმა $130 მლნ, უკრაინიდან კი $23 მლნ შეადგინა. რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის გათვალისწინებით, “თიბისი კაპიტალი” საქართველოდან ღვინის ექსპორტის 30%-იან შემცირებას ელის.