ახალი ამბები

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი – ბაზარზე დედოფლისწყაროში წარმოებული კონსერვები გამოჩნდება

დედოფლისწყაროში მოქმედმა კომპანიამ, „ჯეო ნატურალსმა“ ასორტიმენტი გააფართოვა. როგორც კოპანიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, დიდ ქსელურ მარკეტებში (კარფური, ფრესკო, ორი ნაბიჯი და ა.შ.) ძირითადად, მოშუშული ხორცის კონსერვები იყიდება, სექტემბრის ბოლოს კი ქსელებში ახალი გემოები შევა.

„თუ აქამდე კომპანია 12 დასახელების პროდუქციას ვაწარმოებდით, ახლა ეს რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მზა ფორმით საცივი, ტოლმა ვაზის ფოთოლში, ოსტრი, ჩახოხბილი, ხარჩო, ფლავი, კუპატი. დამატებულია თევზიც (5 დასახელების). ყველა ეს პროდუქცია დაკონსერვებული სახით იყიდება, რომელსაც მხოლოდ შეთბობა სჭირდება,“-აცხადებს კომპანიის მარკეტინგის კონსულტანტი ამიკო კალანდია „ბიზნესპარტნიორთან“.

მზა სადილები 400 გრამიან თუნუქის ქილებში იყიდება, თევზის პროდუქცია კი – 160 და 240 გრამიან კონსერვებში. მისი განცხადებით, „სადილის“ განახლებული მენიუ და პროდუქცია საშუალო სეგმენტის მომხმარებელზეა გათვლილი. კომპანია ნედლეულს ძირითადად ადგილობრივი ბაზრიდან ყიდულობს.

როგორც „ჯეო ნატურალსის“ კონსულტანტი აცხადებს, პროდუქცია ექსპორტზეც გაიყიდება. მათ შორის, კანადაში, უკრაინასა და უახლოეს მომავალში აზერბაიჯანში. შეგახენებთ, ,,ჯეო ნატურალსი“ პროდუქციას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2017 წლიდან აწარმოებს. „სადილის“ ბრენდის ქვეშ ყოველდღიურად 10 000 ქილა პროდუქტი იწარმოება. ქარხანაში დასაქმებული ადგილობრივების რიცხვი კი 70-ს აჭარბებს. საწარმო სახელმწიფოს საგრანტო კომპონენტის ბენეფიციარია.