მედია – ვლადიკავკაზში, ქვეყნიდან გასვლის მსურველთა სიმრავლის გამო, საქართველოს საზღვრის მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდა
ვლადიკავკაზში, ქვეყნიდან გასვლის მსურველთა სიმრავლის გამო, საქართველოს საზღვრის მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდა, – ინფორმაციას გამოცემა Кавказ.Реалии „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეზღუდვები 23 სექტემბრის ღამიდან დაწესდა, ხოლო დაახლოებით 03:30 საათზე ქალაქ ვლადიკავკაზში, მოსკოვსკის და კოსტას გამზირების კვეთაზე, მოძრაობა შეჩერდა საგზაო პოლიციის პოსტთან. ერთ-ერთი ვიდეოს ავტორის თქმით, სამართალდამცველები ავტომობილებს საზღვარზე არ უშვებენ, რადგან „ზემო ლარსის“ წინ მრავალკილომეტრიანი საცობია.
„ტელეგრამ“ არხებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ უშვებენ მხოლოდ ადგილობრივ ნომრიან ავტომობილებს, რის გამოც ზოგიერთი ადამიანი საქართველოს საზღვრისკენ მიემართება ფეხით, სკუტერით, ველოსიპედით ან საზღვრამდე მიყვანისთვის ადგილობრივ მოსახლეობას ფულს უხდის.
ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება სიტუაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. ამასთან, გამოცემა “Кавказский узел”-ი სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლზე დაყრდნობით იუწყება, რომ ორი ქვეყნის საზღვარზე გამშვები პუნქტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.