ახალი ამბები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში ღია ფიტნეს სავარჯიშო მოეწყობა

ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში, ღია ფიტნეს მოედანი ეწყობა.

მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, სპორტული მოედნების მოწყობა, ახალგაზრდების ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში სპორტულ სივრცეებზე, 10 სხვადასხვა სახეობის სპორტული ინვენტარი დამონტაჟდება და ის ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს აქტიურად ჩაერთონ სპორტულ ცხოვრებაში.

ღია ფიტნეს მოედნების მოწყობის სამუშაოები, სოფელ არეშფერანში, ბაისუბანში, ბალთასა და ქვემო ნაშოვარში უკვე დასრულებულია, ხოლო სოფელ ქვემო გურგენიანში, ფონაში, ლელიანსა და ბებურიანში, სამუშაოები სულ მალე დასრულდება.

სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი საერთო ღირებულება 229577.22 ლარს შეადგენს.