გაიცანით ახალგაზრდა ფილოლოგი თელავიდან-ინტერვიუ
თელავში მცხოვრები 24 წლის ქეთო ფირუმაშვილი პროფესიით ფილოლოგია. ახალგაზრდა ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტია და პარალელურად ბავშვებს საკუთარ ცოდნას უზიარებს.
knews.ge-მ გადაწყვიტა უფრო ახლოს გაგაცნოთ ახალგაზრდა:
– მოგვიყევი შენი პროფესიის შესახებ.
ჩემი პროფესიაა, უპირველესად, ლიტერასტურის სიყვარული და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ბავშვების სიყვარული. თუკი ეს ორი, სრულყოფილად აქვს ქართულის მასწავლებელს, მგონია,რომ მსოფლიოს შეცვლაც შეუძლია. ალბათ იმიტომ, რომ ნებისმიერი ცვლილება ,თითოეული ბავშვიდან იწყება.
– რამდენი ხანია, რაც ბავშვებს ამზადებ?
ბავშვების მომზადება საკმაოდ ადრე დავიწყე, პირველ მოსწავლეებზე სულ რამდენიმე წლით უფროსი ვიყავი. ახლა ქართული ენისა და ლიტერატურის 2 ჯგუფი მყავს. აბიტურიენტები არიან და აქტიურად ვემზადებით გამოცდებისათვის. მგონია, რომ ლიტერატურის მხოლოდ გამოცდის ჩასაბარებლად სწავლა, საკმარისი არაა. იგი მთელი ცხოვრება უნდა გაჰყვეს ბავშვს, როგორც ცოდნა, გამოცდილება და ერთგვარად, ცხოვრებისეული გზამკვლევი.
– როგორ ფიქრობ, რატომ არის მნიშვნელოვანი შენი საქმე?
როგორც ყველა ადამიანი, ვინც შეყვარებულია თავის საქმეზე, მეც ვთვლი, რომ ქართულის მასწავლებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეულ ბავშვში, რაღაც მცირე გარდაქმნის დასაწყისში თუ მიიღე მონაწილეობა, ეს უკვე უმნიშვნელოვანესია. ცხადია, მხოლოდ საგნის ცოდნასა და სწავლებას არ ვგულისხმობ. მთელი წლის მანძილზე, თითოეულ მოსწავლეში შენი სულის ნაწილს დებ და თან ატან, სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით მაინც. მაშინ, როდესაც უყვარხარ და გიყვარს, მისაბაძი მაგალითი ხდები, რაც უდიდეს სიხარულთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. ამრიგად, მგონია, რომ ჩემი მოსწავლეების წყალობით, მათში ჩადებული თავისუფლების სიყვარულის, ინდივიდუალიზმის, მიმღებლობის უნარისა და რაც მთავარია, ცვლილებებისათვის ბრძოლის წყურვილით, მეც მცირედი წვლილი შემაქვს ქვეყნის განვითარების საქმეში.
– როგორ გესმის სიტყვა “მასწავლებელი”- რა იქნება შენებური განმარტება?
ჩემი აზრით, ნამდვილი მასწავლებელი ხარ მაშინ, როდესაც შეგიძლია თითოეული მოსწავლის ნამდვილი და სანდო მეგობარი გახდე. მასწავლებელი არ ნიშნავს ძალაუფლების მქონე პირს, უბრალოდ მეგობარია, რომელმაც ოდნავ უფრო მეტი იცის, ვიდრე მოსწავლემ და სწორედ ამ ცოდნას სთავაზობს მას.
– როგორია შენი ერთი საგაკვეთილო პროცესი?
მგონია, რომ დღეს, ყველაზე მეტად მსჯელობა უჭირთ ბავშვებს. ბევრ რამეს ხვდებიან, მაგრამ აზრის ჩამოყალიბებას რთულად ახერხებენ. ამიტომ, დიდი დრო ლიტერატურის გარჩევას ეთმობა, ნაწარმოების მთავარი პრობლემის დანახვას, განხილვასა და თანამედროვეობასთან დაკავშირებას. ვდგავართ თუ არა ისევ ამ პრობლემის წინაშე? და თუ კი, მაშინ როგორ უნდა გადავჭრათ იგი. ასევე გრამატიკაში საკმაოდ „მოიკოჭლებს“ ეს თაობა. მშობლიურ ენაზე, სწორად, მეტყველებაც უჭირთ, რატომღაც. ამიტომ, ცალკე ვატარებთ გრამატიკის გაკვეთილებსაც.
– როგორია შენი და ბავშვების ურთიერთობა?
ბავშვებთან ურთიერთობაში მომთხოვნი ვარ, მაგრამ არა მკაცრი. ვცდილობ მათთან ერთად ჩავება საგაკვეთილო პროცესში, ჩემი აზრიც შევთავაზო, მათიც გავითვალისწინო. ვცდილობ ერთად მივიდეთ შედეგებამდე და არა მზა პასუხები მივაწოდო. ერთი სიტყვით, მეც მოსწავლე ვხდები.
– გაქვს თუ არა რაიმე განსხვავებული მიდგომა ბავშვებთან?
სხვა საგნებისაგან განსხვავებით, ლიტერატურა „უკანონო მეცნიერებაა“. ამიტომ, ერთი მთავარი ისაა, რომ ვცდილობ ამ წესებისაგან გათავისუფლებაში დავეხმარო მოსწავლეებს, რათა თავისუფალი აზროვნება ისწავლონ.
-რას ურჩევდი მასწავლებლებს?
გახდნენ იმ ასაკის, რა ასაკის მოსწავლეებიც ჰყავთ. იყვნენ მათი მეგობრები, მრჩევლები და მესაიდუმლეები.