ახალი ამბები

„დანერგე მომავლის“ ბიუჯეტი 10 მლნ ლარით იზრდება

სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“ მომავალ წლებშიც გაგრძელდება, – აღნიშნულის შესახებ განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში გადაცემაში „აგროსექტორი“ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, პროგრამის ბენეფიციარობაზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა და ამიტომ სახელმწიფომ მიმდინარე წელს „დანერგე მომავლის“ ბიუჯეტის ზრდა გადაწყვიტა. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები უკვე პარლამენტშია ინიცირებული და მისი დამტკიცების შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღებას მოგვიანებით ისევ დაიწყებს.

„დანერგე მომავლით“ დაინტერესებულ ადამიანებს მე მინდა ვუთხრა ძალიან კარგი რამ. ჩვენ მიმდინარე წელს „დანერგე მომავალში“ გვქონდა განაცხადების არნახული რაოდენობა. პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 17 ათას 700 ჰა-ზე მეტი ბაღია გაშენებული. ეს არის ზეთისხილი, ფისტა, ნუში, ვაშლი, ატამი, თხილი, მოცვი და ასე შემდეგ მრავალწლიანი ნარგავები. მარტო მიმდინარე წლის გაზაფხულზე ახალი განაცხადი 4 ათას 300 ჰა-ზე შემოვიდა. ეს არის აბსოლუტურად რეკორდული მაჩვენებელი. რეკორდულია ასევე ის ზარები, რომლებიც კითხულობენ კიდევ გაიხსნება თუ არა საშემოდგომო განაცხადები. გეტყვით, რომ გაიხსნება, უბრალოდ ოდნავ მოგვიანებით. იმიტომ, რომ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე შეტანილია. „დანერგე მომავლის“ ბიუჯეტს ვზრდით 10 მლნ ლარით. ეს კი საშუალებას მოგვცემს, რომ მიღება გავხსნათ.

ეს არის პროექტი, რომელიც გათვალისწინებულია რომ არამხოლოდ მიმდინარე წელს დაემატოს ბიუჯეტი არამედ მომდევნო წლების BDD-შიც გაწერილია და გაზრდილი ბიუჯეტი უკვე გათვალისწინებულია 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში. მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ეს პროექტი თავის ბოლო წლებს არ ითვლის, ნამდვილად მუშაობს და ჯერ კიდევ ბევრი გაქვს გასაკეთებელი. რეალურად ამ მრავალწლიანმა ნარგავებმა სიკეთე 6-7 წლის მერე უნდა მოგვცეს“, – აცხადებს გიორგი ხანიშვილი.

მინისტრის მოადგილის თქმით, „დანერგე მომავლის“ ფარგლებში საკმაოდ ბევრი პროექტი განხორციელდა და მაგალითად ქვეყანაში ლურჯი მოცვის გაშენება მოჰყავს. ხანიშვილი სტატისტიკურ ინფორმაციასაც იშველიებს და აცხადებს, რომ 2020 წელს ქვეყანამ 663 ტონა ლურჯი მოცვის ექსპორტი განახორციელა, 2021 წელს კი 992 ტონის. მიმდინარე წელს კი უკვე ექსპორტირებულია 1400 ტონა ლურჯი მოცვი.

„ჩვენ ლურჯი მოცვი გაშენებული გაქვს 2234 ჰა-ზე, რომელიც შედარებით ახალი კულტურაა. ლურჯი მოცვის საშუალო მოსავლიანობა არის 10 ტონა, მაგრამ 7-8 ტონაც რომ დავთვალოთ ეს არის 15-16 ათასი ტონა მოცვის მოსავალი. ეს არის საფასო სეგმენტი, რომელიც შემდგომ მილიონებში კი არა რამდენიმე ათეულ და ასეულ მილიონებში აისახება“, – განმარტავს მინისტრის მოადგილე.

გიორგი ხანიშვილი ამბობს, რომ ბაღების გაშენების პარალელურად მზარდია სამაცივრე მეურნეობების მშენებლობის სტატისტიკაც, რაც პროდუქციის შენახვა/დასაწყობებისთვის მთიან ჯაჭვს ქმნის.

„ჩვენ ვავითარებთ სამაცივრე მეურნეობებს, გადამამუშავებელ მეურნეობებს. ჩვენი პროექტით აშენებულია 250-ზე მეტი ახალი საწარმო. ხშირ შემთხვევაში კითხვას სვამენ სადაა ეს საწარმოები? საქართველო, რომ მოიარონ ყველგან ნახავენ. ჩუმლაყში ჩავიდნენ, იქ ერთდროულად 50 საწარმოს ნახავენ. რომ გაიძახიან 100 საწარმო სადააო, 50 საწარმო მარტო ჩუმლაყში მდებარეობს“, – ამბობს გიორგი ხანიშვილი.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დანერგე მომავალისთვის“ 37 მლნ ლარია გათვალისწინებული და მისი 10 მლნ ლარით ზრდის შემთხვევაში პროგრამის წლიური ბიუჯეტი 37 მლნ ლარს მიაღწევს.