სიღნაღის შშმ პირთა მშობელთა კავშირმა პრობლემების მოსაგვარებლად თანხის შეგროვების კამპანია დაიწყო
სიღნაღის შშმ პირთა მშობელთა კავშირმა, რომელიც მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ხელშეწყობაზე მუშაობს, არსებული პრობლემების მოსაგვარებლად თანხის შეგროვება დაიწყო.
ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკუთარი სივრცე არ გააჩნიათ. მათი თქმით, ორგანიზაცია იჯარით აღებულ ფართში 4 წლის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა ფართის დატოვება მოუწიათ, რის გამოც პრობლემები შეექმნათ. სწორედ ამ პრობლემის მოგვარებისთვის, ორგანიზაციამ საბანკო სესხით ფართი შეიძინა, თუმცა იმისთვის, რომ შშმ პირებმა ცენტრით და არსებული სერვისებით სრულფასოვნად სარგებლობა შეძლონ, აუცილებელია სახლში ელემენტარული პირობების შექმნა, რისი საშუალებაც ამ დრომდე ორგანიზაციის დამფუძნებლებს არ გაჩნიათ.
ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიკა ჯავაშვილი აცხადებს, რომ დაიწყეს თანხის შეგროვების კამპანია, რისი დახმარებითაც ისინი გეგმავენ შენობა ყველა პირისთვის გახდეს უსაფრთხო და ადაპტირებული.
,,ყველამ ვიცით, თუ როგორ ძლიერ გვინდოდა გვქონოდა საკუთარი სივრცე – ადგილი, სადაც შშმ პირები, მათი მშობლები შეძლებდნენ სახლიდან გამოსვლას, გაიცნობდნენ, გაუზიარებდნენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას და მეტად იქნებოდნენ ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ორგანიზაცია ოთხი წელია არსებობს და ამ ხნის მანძილზე ჩვენ შევძელით საკუთარი სახსრებით შგვექმნა ასეთი სივრცე წნორში, იჯარით აღებულ სახლში.
თუმცა ყოველთვის გვახსოვდა, რომ სხვის საკუთრებაში მუდმივად ვერ გავჩერდებოდით და უნდა გვეფიქრა საკუთარ სივრცეზე. სწორედ ამ მიზნით, 2021 წელს წამოვიწყეთ კამპანია “სახლი მათი მომავლისთვის” და ვაგროვებდით თანხას სახლის შესაძენად. სამწუხაროდ, იმაზე ადრე მოგვიწია სახლის დატოვება, ვიდრე ველოდით და კამპანიის ფარგლებში შეგროვილი თანხაც არასაკმარისი აღმოჩნდა სახლის შესაძნად. აქედან გამომდინარე, მეტი პასუხისმგებლობის აღება მოგვიწია იმისათვის, რომ არ შეგვეჩერებინა ჩვენი საქმიანობა. სახლი შევიძინეთ საბანკო სესხით, რომელსაც დავფარავთ საკუთარი შემოსავლით.
იმისათვის, რომ ჩვენი სახლი გავხადოთ უსაფრთხო და ადაპტირებული, საჭიროა შემდეგი სამუშაოების ჩატარება: ჭერის შეკეთება,; დაზიანებული შუშაბანდის შეცვლა,; პანდუსის გაკეთება,; სველი წერტილების მოწყობა,; მცირე კოსმეტიკური რემონტი.; ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოები საჩქაროა, რათა ისევ შევძლოთ ჩვენი საქმიანობის გაგრძელება. ვფიქრობთ, რომ ერთად, თქვენი დახმარებით შევძლებთ ჩვენი სივრცე ვაქციოთ შშმ პირებისთვის შესაძლებლობების განვითარების, სერვისების, სწავლის და დასაქმების ადგილად. დონაციისთვის ჩვენი ანაგრიშის რეკვიზიტებია: საქართველოს ბანკი -GE53BG0000000131367635 მიმღები: ა(აიპ) შშმ პირთა მშობელთა კავშირი. ერთი ლარიც კი მნიშვნელოვანია”,- აცხადებს ნიკა ჯავაშვილი.
შშმ პირთა მშობელთა კავშირი 2018 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ დააარსა. მისი მიზანი სიღნაღში მცხოვრები შშმ პირებისთვის სხვადასხვა სერვისის მიწოდებაა. ორგანიზაციის დამფუძნებელი თამთა კუსრაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობა შშმ პირების პრობლემებით ნაკლებად ინტერესდება.
მისი თქმით, სწორედ ამ კუთხით, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გამოვლენის, მათი მოგვარების და შშმ პირებისთვის სათანადო სერვისების შეთავაზებისთვის შეიქმნა მათი ორგანიზაციაც. ბენეფიციარები კი კარდაკარ სიარულით აღწერეს. მათ ბაზაში ამ დროისთვის სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 855 ბენეფიციარია, რომლებიც სახელმწიფო სერვისების მიღმა არიან დარჩენილი.
,,გარკვეულ საკითხებში, რაშიც მხარდაჭერა გვჭირდება, თვითმმართველობა ჩვენს ხმას ვერ იგებს. ზოგადად, მუნიციპალიტეტში ბევრი პრობლემაა ამ მიმართულებით და ფაქტობრივად სერვისები არ არსებობს. საქმიანობის დაწყებისას ვფიქრობდით რა უნდა გაგვეკეთებინა მათთვის, რომ თუნდაც კვირაში ერთი დღე გამოგვეყვანა ისინი სახლიდან გარეთ. ამისთვის ავიღეთ იჯარით სივრცე, რომლის დატოვებაც მოგვიწია. საქმიანობის გასაგრძელებლად, შევიძინეთ ბინა, რომლის კარიც ყველასთვის ღია იქნება. შენობა ამ დროისთვის ცუდ მდგომარეობაშია. განსაკუთრებით რთული სიტუაციაა პირველ სართულზე. დაზიანებულია ასევე ჭერიც. ჩვენი ძალებით ვცდილობთ შევაკეთოთ და გავხადოთ ადაპტირებული. თუ შევძლებთ ამ სახლის შეკეთებას ისე, როგორც გვინდა, საკმაოდ კარგი სერვისი შეიქმნება შშმ პირებისთვის მუნიციპალიტეტში. ამისთვის კი საზოგადოების ფინანსური დახმარება გვჭირდება”,- აცხადებს თამთა.
დღევანდელი მდგომარეობით, შშმ პირების უმეტესობა კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა. მათთვის რეგიონებში არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ბენეფიციარების და მათი ოჯახის წევრების თქმით კი მსგავსი ცენტრების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.
,,აქ როგორც საკუთარი ოჯახი ისე ვართ, ვსწავლობთ, ვმუშაობთ, სხვადასხვა აქტივობებში ვიღებთ მონაწილეობას. კარგი იქნება მალე გაიხსნას სიღნაღში დღის ცენტრი”,- აცხადებს ერთ-ერთი ბენეფიციარის მშობელი, ბელა კუტიბაშვილი.
იმისთვის, რომ სიღნაღში მცხოვრებმა შშმ პირებმა მიიღონ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი სერვისები, საზოგადოების ერთიანობაა აუცილებელი. (ანაგრიშის რეკვიზიტებია: საქართველოს ბანკი -GE53BG0000000131367635 მიმღები: ა(აიპ) შშმ პირთა მშობელთა კავშირი).