როდის დასრულდება კახეთის ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძეს თქმით, კახეთის ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც უშუალოდ რეგიონისთვის, ასევე ქვეყნისთვის.
მისი თქმით, ამჟამად 35 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც სრულად სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდება.
,,მომავალ წელს გაიხსნება პირველი, ხოლო 2024 წელს – 2 დარჩენილი მონაკვეთი და ყველაზე გამომწვევი თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი ამითი უკვე დასრულებული იქნება. პარალელურად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთზეც. მთლიანობაში კი, დაგეგმილია 85 კმ-იანი მაგისტრალის აშენება. საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით, მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს შარშან გახსნილ გურჯაანის შემოვლით გზას, რომელმაც გადაადგილების დროც გაანახევრა. ამჟამად მიმდინარეობს, ასეთივე მნიშვნელობის ბაკურციხე-წნორის საგზაო მონაკვეთის მშენებლობა.
სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია და წლევანდელი ბიუჯეტიც რეკორდული – 2 მილიარდ 900 მილიონი ლარია, რომელიც, პირველი 6 თვის მონაცემებით, უკვე 111%-ით, ანუ 11%-იანი გადაჭარბებით გვაქვს შესრულებული. შესაბამისად, ნამდვილად გვაქვს იმის მოლოდინი, რომ როგორც რესურსების, ასევე, სამინისტროს მზაობის პირობებში, დაახლოებით 2-3 წელიწადში კახეთის მაგისტრალის ყველა მონაკვეთზე სამუშაოები დაიწყება.
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული „ხედვა 2030-ის“ ფარგლებში, 32 მილიარდი ლარის ინვესტირებაა დაგეგმილი ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, საიდანაც 17 მილიარდი სწორედ საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება. კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კი, დაახლოებით 2 მილიარდი ლარია გათვალისწინებული,“ – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.