,,მზერეული”- გაიცანით ჩირის მწარმოებელი, ველისციხელი ქეთი სოლომნიშვილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრები მეწარმე, ქეთევან სოლომნიშვილი, ეკოლოგიურად სუფთა ხილისგან, რამდენიმე სახეობის ჩირს, ტყლაპებს და ჩურჩხელებს აწარმოებს.
მეწარმეს აღნიშნული საქმიანობის დაწყების სურვილი წლების წინ ჰქონდა, თუმცა პირველ ეტაპზე ჩირებს ნათესავებისა და მეგობრებისთვის ამზადებდა. წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდის შემდეგ კი შექმნა ბრენდი „მზერეული“ და საყვარელი საქმე ბიზნესად აქცია.
ქეთევანი Knews.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჰყავს სამი შვილი და დროის დიდ ნაწილს სახლში ატარებდა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ბიზნესი დაეწყო და დამატებითი შემოსავალიც მიეღო.
,,სამი შვილის დედა ვარ და ვინაიდან ვერ დავტოვებდი შვილებს და გარეთ სამუშაოდ ვერ გავიდოდი, მინდოდა ჩემი პატარა ბიზნესი მქონოდა და შემოსავალიც, შესაბამისად.
ჩვენ სოფელში დიდი ეზო და ბევრი ხილი გვაქვს. ვცდილობდი ხილი არ გამეფუჭებინა და ნათესავებს ვუგზავნიდი. მერე დავფიქრდი და გადავხედე არსებულ სიტუაციას, ხილი, ჩირი და ჩურჩხელები კარგად იყიდებოდა და ამიტომ მეც გადავწყვიტე, იქნებ სახლში მაინც გამეკეთებინა ჩირები და ონლაინ გამეყიდა”,- განუცხადა knews.ge-ს ქეთევან სოლომნიშვილმა.
მეწარმე აცხადებს, რომ საქმიანობის დასაწყებად, პირველ ეტაპზე, ,,აწარმოე საქართველოს” გრანტის მიღება სცადა, თუმცა მისი იდეა არ დაფინანსდა. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მან ბიზნესის დაწყება საკუთარი სახსრებით მაინც შეძლო.
,,აწარმოე საქართველოს” დაფინანსება ვერ მოვიპოვე და გადავწყვიტე საქმიანობის დასაწყებად საჭირო ფინანსები ჩემით მომეძიებინა. ვიყიდე ჩირის საშრობი აპარატი და დავიწყე წარმოება. ყველა პროდუქტი დამზადებულია ჩემს ბაღში მოყვანილი ხილისგან, ასევე, დამატებით ვყიდულობ ხილს მეზობლებისგან. ეს მათთვისაც ძალიან კარგია, რადგან ხილს ყიდიან და შემოსავალი აქვთ”,- განაცხადა ქეთევანმა.
,,მზერეულის” ბრენდის ქვეშ დღეს უკვე რამდენიმე სახეობის გამომშრალი ხილის შავი ქლიავის, საზამთროს, ნესვის, გარგრის, ვაშლის, ატმის და ვაშლატამის დაგემოვნებაა შესაძლებელი. მეწარმე მომხმარებელს ხილის ჩიფსებს, ტყლაპს და ჩურჩხელასაც სთავაზობს.
,,რამდენიმე სახეობის ჩირს ვაწარმოებ. გარდა ამისა, პროდუქტი ლამაზი შეფუთვით იყიდება, ასევე ვდებ ყუთებში და ისე ვგზავნი შეკვეთებს. ეს ყველაფერი ჩემი დიზაინით კეთდება. ამ კუთხით სამომავლოდაც მაქვს ბევრი იდეა და ვფიქრობ, განვახორციელებ. ძალიან შრომატევადი საქმეა და ხშირად ვერ ვასწრებ შეკვეთების დამზადებას, მაგრამ ოჯახის წევრები და მეგობრები მეხმარებიან.
რაც შეეხება გაყიდვებს, ონლაინ ვიღებ შეკვეთებს, ასევე გაყიდვებში ახლობლები და მეგობრები მეხმარებიან. შეკვეთებს ვიღებ ჩემი ფეისბუქ გვერდის და ასევე ,,მზერეულის” ოფიციალური გვერდის დახმარებით. რაც შეეხება ხილის საშრობ აპარატს, არის 100 კილოგრამიანი, თუმცა ხილსაც გააჩნია, რის ჩირსაც ვაკეთებთ. ზოგს დიდი დრო უნდა გასაშრობად, ზოგს _ცოტა. ვცდილობ, მოთხოვნებს და შეკვეთებს მოვერგოთ.”
მისი თქმით, ,,მზერეულის” პროდუქციაზე მოთხოვნა ემიგრანტებიდანაც არის.
,,ბევრ ფეისბუქ ჯგუფებში ვარ გაწევრიანებული და ვცდილობ ჩემი პროდუქცია გავაცნო ხალხს. არის ხშირად შეკვეთები ემიგრანტებიდანაც. მაგალითად, ერთ-ერთ ქვეყანაში ვგეგმავ გავაგზავნო ჩირი და ჩურჩხელა.”