ავტოსადგურები მგზავრთა გადამყვანი ოპერატორებისთვის საერთო წესების შემოღებას და ბიზნესის დარეგულირებას ითხოვენ
ავტოსადგურები მგზავრთა გადამყვანი ოპერატორებისთვის საერთო წესების შემოღებას და ბიზნესის დარეგულირებას ითხოვენ.
როგორც დარგის წარმომადგენლები ამბობენ, ავტოსადგურების გვერდის ავლით მგზავრთა გადაყვანამ სისტემური ხასიათი მიიღო, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების ქაოსური მოძრაობის. მათი განმარტებით, საქალაქთაშორისო მგზავრთგადამყვან სისტემაში არსებული ხარვეზები ზიანს აყენებს კანონიერ მეწარმეს.
დიდუბის ავტოსადგურის დირექტორის ნესტორ მიქატაძის თქმით, რამდენი მგზავრიც გადაჰყავთ მათ ავტოსადგურებიდან ლეგალურად, ზუსტად ერთი იმდენი გადაყავს უკანონოდ არასერთიფიცირებულ გადამყვანებს.
„დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ერთი იმდენი თანხა, რაც დღეს ამ საქმიანობიდან შედის ბიუჯეტში, აკლდება ბიუჯეტს ამ უკონტოლობით და იმის გამო, რომ მგზავრთგადაყვანას ახორციელებს აღურიცხავი, არარეგისტრირებული, არა საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი პირები. ყველაფერი ეს ჩვენ პრობლემას გვიქმნის, ვზარალდებით როგორც კანონიერი ბიზნესის წარმომადგენლები და სამწუხაროდ, წახალისებულია უკანონო ბიზნესი“,- განმარტა ნესტორ მიქატაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში არსებულ ავტოსადგურებს აქვთ რესურსი, რომ სრულად დააკმაყოფილონ მოსახლეობის მოთხოვნა.
ცნობისათვის, მთავრობა ავტოსადგურების სერტიფიცირებასა და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორებისთვის ახალი სანებართვო პირობების შემოღებას გეგმავს.