ახალი ამბები

რომელი სოციალური კატეგორიის სტუდენტებს დაუფინანსებს წელს სწავლას სახელმწიფო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო-სასწავლო გრანტით სტუდენტთა დაფინანსება წელსაც გრძელდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის თქმით, პროგრამა წელსაც უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობით ითვალისწინებს.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში მოქმედ კატეგორიებს ერთი ახალი კატეგორია დაემატა.

“2022 წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში მოქმედ 13 კატეგორიას დაემატა კიდევ ერთი კატეგორია – „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილის, ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები, სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები ან მათ შვილები”, – წერია ინფორმაციაში.

რაც შეეხება სოციალურ კატეგორიებს, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს, შემდეგია:

– მაღალმთიანი სოფლების სტატუსის მქონე სკოლების კურსდამთავრებულები;
– სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან;
– ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შვილები, მკვეთრად/მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;
– ობოლი (უდედმამო) სტუდენტები;
– მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;
– სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ქვევით);
– სტუდენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ;
– აზერბაიჯანულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები;
– სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები;
– სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული ჰქონდათ რეპატრიანტის სტატუსი;
– ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლების კურსდამთავრებულები;
– შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;
-აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები.

განცხადებები 2022 წლის 12 სექტემბრიდან 30 სექტემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად, მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციის საფუძველზე მიიღება. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე წერია.