კომიტეტმა თვითმმართველობების მიერ სამშენებლო მოსაკრებლების ზრდას მხარი დაუჭირა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირეს.
როგორც კანონპროექტის ინიციატორმა, დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, პროექტის მიღების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტებს ბიუჯეტში მეტი რესურსის მობილიზების შესაძლებლობა მიეცემათ გამომდინარე იქიდან, რომ თვითმმართველობები გაზრდილ სამშენებლო მოსაკრებლებს აკრეფენ.
“დღეის მდგომარეობით, მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის არ უნდა აღემატებოდეს 4 ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 ლარს, რაც არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით საგრძნობლად დაბალია.
შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა ) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის გაზრდას 4 ლარიდან 10 ლარამდე, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 ლარიდან 11 ლარამდე. ამასთან, მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა არ ეხება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობებს, რა დროსაც მოსაკრებლის ოდენობა ისევ დარჩება არაუმეტეს 4 ლარი (ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის).
ამასთანავე, იმის გათვალისწინებით რომ მოსაკრებლის გადამხდელისათვის ეს ზრდა არ იყოს დაუგეგმავი ფინანსური ხარჯის ზრდა, მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა გათვალისწინებულია ეტაპობრივად, კერძოდ: 2023 წლის 1 იანვრიდან 6 ლარამდე, 2024 წლის 1 იანვრიდან 8 ლარამდე და 2025 წლის 1 იანვრიდან 10 ლარამდე. რაც შეეხება საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 2023 წლის 1 იანვრიდან 7 ლარამდე, 2024 წლის 1 იანვრიდან 9 ლარამდე და 2025 წლის 1 იანვრიდან 11 ლარამდე,”-ნათქვამია დოკუმენტში.
ცნობისთვის, კანონპროექტს თან არ ახლავს ეკონომიკური გათვლა რამდენი მილიონი ლარით გაიზრდება თვითმმართველობების შემოსავლები.