აგვისტოში ყველაზე მეტად ფასები სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე გაიზარდა
აგვისტოში, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსით, ინფლაციამ 11.3% შეადგინა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის მიხედვით, აგვისტოში ყველაზე მეტად ფასები სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე გაიზარდა, სადაც წლიურმა ზრდამ 16% შეადგინა, შემდეგ 15.8%-იანი წლიური ზრდით რესტორნები, სასტუმროები და კაფეები მოდის. ახალი ინდექსით ფასები წლიურად, ასევე, 15.8%-ით გაიზარდა ტრანსპორტზე. აღსანიშნავია, რომ წლიურ ჭრილში არც ერთ ჯგუფში ფასის კლება არ ფიქსირდება.
წინა თვესთან შედარებით ფასების ჰარმონიზებული ინდექსით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2% შეადგინა. თვიურ ჭრილში ფასები ყველაზე მეტად 2.4%-ით კაფეების, რესტორნებისა და სასტუმროების ინდუსტრიაშია გაზრდილი.
საქსტატის ინფორმაციით, ჰარმონიზებული ინდექსი ითვალისწინებს როგორც რეზიდენტების, ასევე არარეზიდენტების მიერ ქვეყნის შიგნით გაწეულ ხარჯებს. ამ შემთხვევაში ყურადღება მახვილდება ტურისტების სამომხმარებლო ხარჯებზეც.
კერძოდ, ახალი ინდექსის შემთხვევაში სამომხმარებლო კალათის წონების გაანგარიშებისას გამოიყენება როგორც რეზიდენტების, ისე არარეზიდენტების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეული ხარჯები, მაშინ როდესაც სამომხმარებლო ფასების ინდექსისთვის გამოიყენება მხოლოდ რეზიდენტების მიერ გაწეული დანახარჯები, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. სამომხმარებლო ფასების ინდექსით აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 10.9% შეადგინა.

