ახალი ამბები

ახმეტის სოფლებში უსახელო ქუჩებს ცნობილი და სამშობლოსთვის თავგანწირული ადამიანების სახელები მიენიჭება

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, უსახელო ქუჩებს, ცნობილი ახმეტელი მოღვაწეების და სამშობლოსთვის თავგანწირული ადამიანების სახელები მიენიჭება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო. ინიციავივა კი ,,ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოს წევრს, შაქრო ტერტერაშვილს ეკუთვნის.

მისი თქმით, წლებია სოფლებში ქუჩების უმეტესობა სახელდების გარეშეა. გარდა ამისა, მისივე განმარტებით, იმ ადამიანების სახელი არ უნდა იყოს დავიწყებული, რომლებმაც ქვეყნისთვის თავი გაწირეს და მოღვაწეობით ქვეყნის განვითარებას შეუწყეს ხელი.

,,ჩვენი ვალია იმ ადამიანების არდავიწყება, ვინც ამ ქვეყნის განვითარებისთვის, მუნიციპალტეტისთვის, რეგიონისთვის იშრომეს და იბრძოლეს. მეორე საკითხია ის რომ ახმეტის სოფლებში ქუჩების უმეტესობა არის სახელდების გარეშე. ეს კი ბევრ პრობლემას ქმნის დამისამართების და სხვა საკითხებში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი საკითხების გადაწყვეტა დროულად მოხდეს მუნიციპალიტეტის მიერ. ერთის მხრივ, მოხდეს იმ ადამიანების დაფასება, ვინც ამას იმსახურებს და მეორეს მხრივ სოფლებში ქუჩები აუცილებელია იყოს სახელდებული. ეს ძალიან დიდი საქმეა, რომელსაც სჭირდება ძალიან მცირე ფინანსები”,- განუცხადა Knews.ge-ს შაქრო ტერტერაშვილმა.

საკრებულოს გადაწყვეტილება სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი დიდი ადამიანების სახელობის ქუჩების სახელდების შესახებ:

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის (საქართველოს ეროვნული გმირის, სოფელ მატნის მკვიდრის) სახელი მიენიჭა
– ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის ცენტრალურ (უსახელო) ქუჩას;
მიხეილ ზურაბაშვილის (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი, გმირულად დაღუპული, სოფელ მატნის მკვიდრის) სახელი მიენიჭა
– ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე უსახელო ქუჩას;
ბაჩუკი ფეიქრიშვილის (სამხედრო-სავალდებულო სამსახურში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად გარდაცვლილი, სოფელ მატნის მკვიდრის) სახელი მიენიჭა
– სოფელ მატანში მდებარე უსახელო ქუჩას;
გივი ახალაურის (საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის და სპორტის ოსტატის, სოფელ მატნის მკვიდრის) სახელი მიენიჭა
– სოფელ მატანში მდებარე უსახელო ქუჩას;
გიორგი ანწუხელიძის (საქართველოს ეროვნული გმირის, სოფელ ქვემო ალვანის მკვიდრის) სახელი მიენიჭა
– სოფელ ქვემო ალვანის ცენტრალურ (უსახელო) ქუჩას;
კაკო ბობოქაიძის (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, სოფელ მაღრაანის მკვიდრის) სახელი მიენიჭა
– სოფელ მაღრაანის ცენტრალურ (უსახელო) ქუჩას;
ნოდარ არუთინოვის (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული, სოფელ ქისტაურის მკვიდრის) სახელი მიენიჭა
– სოფელ ქისტაურში მდებარე უსახელო ქუჩას;
ლევან ოღაძის (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაღუპული, ახმეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მეხანძრე-მაშველის, სოფელ ქისტაურის მკვიდრის) სახელი მიენიჭა
– სოფელ ქისტაურში მდებარე უსახელო ქუჩას;
რაფიელ ერისთავის (ქართველი პოეტის და საზოგადო მოღვაწის) სახელი მიენიჭა
– სოფელ ქისტაურში მდებარე უსახელო ქუჩას;
ფარნაოზ ჩიკვილაძის (ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორის, სპორტის დამსახურებული ოსტატის, სოფელ ჩაბინაანის მკვიდრის) სახელი მიენიჭა
– სოფელ ჩაბინაანის ცენტრალურ (უსახელო) ქუჩას;
ალექსანდრე სულხანიშვილის (საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავდადებული მებრძოლის) სახელი მიენიჭა,
– სოფელ აწყურის ცენტრალურ (უსახელო) ქუჩას;
იოსებ ალავერდელის (ალავერდის დამაარსებლის) სახელი მიენიჭა,
– სოფელ ალავერდის ცენტრალურ (უსახელო) ქუჩას:
გიორგი გამიაშვილის (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული, ქალაქ ახმეტის მკვიდრის) სახელი მიენიჭა
– ქალაქ ახმეტაში მდებარე იური გაგარინის ქუჩის ნაწილს.

ამასთან ერთად, საკრებულოს შესაბამისმა კომისიამ, ასევე ერთხმად მხარი დაუჭირა, სოფელ მატანში მდებარე უსახელო ქუჩისთვის,- გოგიტა აბულაშვილის (სამხედრო-სავალდებულო სამსახურში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად გარდაცვლილი, სოფელ მატნის მკვიდრის) სახელის მინიჭების საკითხს, რომელსაც საკრებულო განიხილავს.