ახალი ამბები

ადვოკატი- მსაჯულებმა გაამართლეს ტაქსისტი, რომელმაც პუტინისტი რუსები გომბორზე დატოვა

ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის ცნობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად, 12-ით 0-ის წინააღმდეგ, უდანაშაულოდ ცნეს რუსეთის ორი მოქალაქის მიმართ ეთნიკური ნიშნით თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული ტაქსის მძღოლი – ამირან ბოკუჩავა.

ბრალდებულს სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

“ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ რუსებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვა და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა არ არის დანაშაული. მინდა, მადლობა გადავუხადო ხალხს, ჩვენ დღეს, ხალხის სახელით დავამარცხეთ რუსული იმპერიალიზმი”- წერს ჩომახაშვილი.

ადვოკატის ინფორმაციით, ტაქსის მძღოლს რუსეთის მოქალაქეები თბილისის აეროპორტიდან მიჰყავდა და მას მგზავრებმა უკრაინული მუსიკის ჩართვა აუკრძალეს. ამის შემდეგ, ამირან ბოკუჩავამ ისინი გომბორზე წაიყვანა და იქ დატოვა.

“რუსები სასამართლოს ატყუებდნენ, ძალით წაგვიყვანაო, რეალურად ძალით არ წაუყვანია – მოატყუა და უთხრა, გომბორიდან წადით ფეხით სასტუმროშიო, გაბრაზდნენ და უჩივლეს. რეალურად, რუსებმა როგორც სჩვევიათ, დაამცირეს ჩვენი ქვეყანა. ამიტომ ბრალდება ამბობდა, რომ უკრაინული მუსიკის რუსებისთვის სპეციალურად ჩართვა დისკრიმინაციააო. ნაფიცმა მსაჯულებმა ჩათვალეს, რომ ეს არ იყო არც დისკიმინაცია და არც თავისუფლების აღკვეთა”- განმარტავს ადვოკატი Facebook-ზე.

ფოტოზე: ადვოკატები ირაკლი ჩომახაშვილი, თეონა გვაზავა და ქოცური პროკურატურის აზრით ,,სასტიკი დამნაშავე”, სინამდვილეში კი, კარგი იუმორის მქონე და პატრიოტი ბიჭი ამირან ბოკუჩავა.