ახალი ამბები

სატრანსპორტო საშუალების დგომა-გაჩერების წესების დარღვევაზე ჯარიმები გამკაცრდა

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მიიღო.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, აღნიშნული კანონით, ტაქსის მძღოლებს საშუალება მიეცემათ, მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომის ან ჩამოსმის მიზნით, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას იმოძრაონ ან გაჩერდნენ.

პროექტის თანახმად, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის (M1 კატეგორია) გარდა, სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა, სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, რომელზედაც ტაქსით გადაყვანის ნებართვა გაცემული არ არის და რომლის ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დაშვებული არ არის, გამოიწვევს დაჯარიმებას – 100 ლარის ოდენობით. სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ცვლილებები ასევე ეხება არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განსაზღვრულ პარკირების ადგილზე – ეს ქმედებაც 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.