ხანძარი თუშეთში-ცეცხლი სოფელ ქუმელაურთის მთებში გაჩნდა
თუშეთში, ომალოს თემში შემავალ სოფელ ქუმელაურთის მთებში ხანძარია.
ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნას მოჰყვა.
„გუშინ საღამოს, ძლიერი ჭექა-ქუხილი იყო. მეხი ჩამოვარდა. დილით დავინახე ძლიერი დაკვამლიანება. დავუკავშირდი შესაბამის სამსახურს და მითხრეს, რომ ინფორმაცია უკვე ჰქონდათ. როგორც ვიცი ადგილზე დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერები მუშაობენ და ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ” – განაცხადეს ადგილობრივებმა.
რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, ამ დროისათვის უცნობია.რამდენიმე დღეა, კახეთში ხანძრის აქტიური კერებია.
ხანძარია ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, მეხანძრე-მაშველები, თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა და ადგილობრივები ხანძრის ჩაქრობას მეხუთე დღეა ცდილობენ.