ახალი ამბები

სოფელ შილდაში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება- ფოტოები

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება.

ხანძრის ქრობის პროცესში 200-მდე მეხანძრე-მაშველი, თავდაცვის სამინისტროს გვარდიის დანაყოფი და 3 ვერტმფრენია ჩართული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ხანძრის გავრცელების საფრთხე მოხსნილია და მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის პირადი შემადგენლობა და ტერიტორიული რეზერვის 201-ე და 202-ე ბატალიონის ასეულები სოფელ შილდის მიმდებარედ ტყის მასივის ხანძრის ქრობის სამუშაოებს განაგრძობენ.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე.

„რეზერვისტებსა და პირად შემადგენლობას გავლილი აქვს კრიზისებზე რეაგირების სპეციალური მოსამზადებელი კურსი და აღჭურვილია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ინვენტარით. ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, თავდაცვის ძალები პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე ჩაერთო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ფოტოები: თავდაცვის სამინისტრო