ახალი ამბები

ყვარელში ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში საქართველოს თავდაცვის ძალები და ავიაცია ჩაერთვება.
შესაბამის დოკუმენტს მთავრობის მეთაურმა ხელი უკვე მოაწერა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, სოფელ შილდის ტყეში, ხანძრის კერებს უკვე ამუშავებს. ცოტა ხნის წინ, ტყეში თავდაცვის სამინისტროს ძალებიც შევიდნენ.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის, გივი ზაუტაშვილის განმარტებით, ცეცხლის ლოკალიზებას რთული რელიეფი და ძლიერი სიცხე აფერხებს.

შეგახსენებთ, მეორე დღეა, სოფელ შილდის ტყეში ხანძარს ებრძვიან.

თავდაცვის ძალებისა და ავიაციის გარდა, შემთხვევის ადგილზე, 100-ზე მეტი მეხანძრე- მაშველი, მეტყევეები და ადგილობრივი მოსახლეობა იმყოფება.

ხანძრის გამომწვევი რეალური მიზეზი,ამ დროისათვის უცნობია.