ახალი ამბებისპორტი

ევრობასკეტ 2022-ს თბილისი 1 სექტემბრიდან 7 სექტემბრადე ახალ „თბილისი არენაზე“ უმასპინძლებს

1 სექტემბრიდან თბილისში, ახლად დასრულებულ „თბილისი არენაზე“ საკალათბურთო ზეიმი აიღებს სტარტს.
რამდენიმე წლიანი ლოდინის შემდეგ, ისტორიაში პირველად, საქართველო ევრობასკეტ 2022 ის ა ჯგუფს უმასპინძლებს.

ევრობასკეტი, არამარტო კონტინენტის უმაღლესი საკალათბურთო მოვლენა, არამედ მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც თავს მოუყრის მილიონობით გულშემატკივარს მასპინძელ ქალაქებში და მილიარდზე მეტ მაყურებელს ტელეეკრანებთან.

ევროპის ჩემპიონატის ჩვენს ქვეყანაში ჩატარება, უდიდეს შესაძლებლობას უქმნის საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს, რათა საკუთარ სახლში, გულშემატკივრებთან ერთად მნიშვნელოვან სპორტულ შედეგს მიაღწიოს. იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი გამორჩეული მასპინძელი იყოს, ევროპის ჩემპიონატის დღეები დატვირთული იქნება მრავალფეროვანი აქტივობებით.

ძალიან გვიხარია, რომ თბილისის ახალ დარბაზში ევრობასკეტის ჯგუფს ვმასპინძლობთ. იმედი გვაქვს, ძალიან კარგი ტურნირი გამოვა. გვინდა ქვეყანა გავახაროთ, კარგად ვითამაშოთ, კარგი შედეგი ვაჩვენოთ და საქართველოს ნაკრები შემდეგ ეტაპზე გავიდეს. ყველას წარმატებას და ჯანმრთელობას ვუსურვებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იცით, რომ რამდენიმე დღის წინ კაპიტანი თორნიკე შენგელია გამოგვაკლდა. ეს ჩვენთვის ძალიან რთული მომენტი იყო. განაცხადა ილიას ზუროსმა პრესკონფერენციაზე

საქართველოს ნაკრები 7 დღეში 5 შეხვედრას გამართავს 1,3,4,6 და 7 სექტემბერს. ჩვენი ნაკრების ყველა შეხვედრა თბილისის დროით 21:00 ზე დაიწყება. ყველა შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.