ახალი ამბები

სოფელ ტიბაანში, ,,ბუტრანას” ფერმაში რობოტი მუშაობს

„ბუტრანამ“, სიღნაღის სოფელ ტიბაანში მდებარე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მესაქონლეობის ფერმაში, რომელიც მიმდინარე წელს 1 მლნ ლარის ინვესტიციით აამოქმედდა, ახალი ტექნოლოგია დანერგა.

საუბარია ჰოლანდიურ რობოტზე, რომელიც ფერმაში საქონლისთვის საკვების თანაბარ გადანაწილებაზეა პასუხისმგებელი.

„ბუტრანას“ დამფუძნებელი ჯემალ ხატიაშვილი bm.ge-სთან ამბობს, რომ სამომავლოდ რობოტექნიკის მიმართულების განვითარება განიხილება და შესაძლოა „ბუტრანას“ ფერმაში საქონლისგან რძის მიღების პროცესში სწორედ რობოტები ჩაერთონ.

„ეს ჰოლანდიური წარმოების რობოტია, რომელიც ფერმაში საქონლისთვის საკვების სწორ და თანაბარ განაწილებას უზრუნველყოფს. იმ შემთხვევაშიც, თუ საქონელი საკვებს ვერ სწვდება, რობოტი მას დაეხმარება. რაც შეეხება ინვესტიციას, ფერმისთვის 1 მლნ ლარი ჩავდეთ, სწორედ ამ თანხაში მოვიაზრეთ რობოტიც. საქართველოში პირველი ფერმაა, რომელიც რობოტექნიკას იყენებს.

სამომავლოდ ამ მიმართულების განვითარებას განვიხილავთ, კერძოდ, იდეის დონეზეა, რომ ფერმაში საქონლისგან რძე რობოტმა მიიღოს“ – ამბობს ჯემალ ხატიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ „ბუტრანა“ ფერმის გარდა ყველის საწარმოსაც ფლობს. კომპანია ყველის საწარმოში ISO სტანდარტს დანერგავს, 2023 წლიდან კი ყველის აქტიური წარმოებით ჯერ ადგილობრივ, შემდგომ საერთაშორისო ბაზარს მოიცავს.

„ISO სტანდარტის დანერგვის შემდგომ ბაზარზე აქტიურად გამოვჩნდებით. ახლა ყველს მხოლოდ მცირე რაოდენობით ვყიდით, ამასთან პირდაპირ ფერმიდან ნედლი რძის რეალიზაციას ვახდენთ. „ბუტრანას“ წარმადობა დღიურად 1 ტონა ნედლი რძეა“, – აღნიშნავს „ბუტრანას“ დამფუძნებელი.

ცნობისთვის: კომპანიის ფერმა 50 მეწველ პირუტყვს აერთიანებს. “ბუტრანა” 20 სახეობის ქართულ და ევროპულ ყველს აწარმოებს. მათ შორის, თაფლში დავარგებულ, საფერავში დაძველებულ, მწვანე და წითელ პესტოში დამზადებულ, თხილიან და აჯიკიან ყველს.