საპატიო თელაველი თეიმურაზ ვახტანგიშვილი გარდაიცვალა
ღვაწლმოსწილი პედაგოგი, ისტორიკოსი, თელავის უნივერსიტეტის პროფესორი და საპატიო თელაველი თეიმურაზ ვახტანგიშვილი გარდაიცვალა.
ის 50 წელზე მეტი ემსახურა ახალგაზრდების განათლებისა და აღზრდის საქმეს. ხანგრძლივი მოღვაწეობის გზაზე, მან ღირსეული სიტყვა თქვა როგორც მეცნიერმაც მისი ისტორიული კვლევები ყოველთვის პატივისცემით სარგებლობდა სამეცნიერო წრეებში.
თეიმურაზ ვახტანგიშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თელავის უნივერსიტეტის წინსვლასა და განვითარებაში.
თეიმურაზ ვახტანგიშვილი ასევე წიგნის „თელავი წარსული და თანამედროვეობა“ ერთ–ერთი ავტორია. ნაშრომს ქალაქ თელავის ისტორიის „მეგზურის“ დანიშნულება აქვს და მასში გაშუქებულია თელავის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე, თუმცა მეტი ყურადღება დათმობილი აქვს ახალი და უახლესი პერიოდის მოვლენებს, ისტორიული ძეგლებისა და ქუჩების აღწერილობას.
თეიმურაზ ვახტანგიშვილი 1941 წელს თელავში დაიბადა. დაამთავრა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენის, ლიტერატურის და ისტორიის სპეციალობა 1966 წელს.
1966 წლიდან იყო ახმეტის რაიონის, სოფელ ჯოყოლოს 8-წლიანი სკოლის, დუმასტურის საშუალო სკოლის და თელავის რაიონის კისისხევის სოფლის ახალგაზრდობის, საღამოს საშუალო სკოლის უცხო ენის (ინგლისური) და ისტორიის მასწავლებელი;
1969-1972 წლებში იყო თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის კათედრის ლაბორანტი; 1972-1986 წლებში კი გახდა უფროსი მასწავლებელი; 2005-2006 წლებში იყო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; 2002 წლიდან – პროფესორი; 1993-2005 და 2006-2009 წლამდე კი იყო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე; 2014 წლიდან იყო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი. არის ასევე სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2002).