მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 24 სექტემბერს დაიწყება
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში წელს, 24 დაიწყება და 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, მსმენელის წინაშე წარდგებიან გამოჩენილი პიანისტები ელისო ვირსალაძე და დანგ ტაი შონი, ასევე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები მევიოლინეები სტელა ჩენი, ტიმოთე ჩოი და ანდრეი ბარანოვი, ჩელისტები ალექსანდრ რუდინი, ალექსეი შადრინი და ალექსანდრ რამი.
მათივე თქმით, საფესტივალო ორკესტრს, რომლის შემადგენლობაში თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის და უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები იქნებიან, უდირიჟორებს ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი არიელ ცუკერმანი.
გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ გამოჩენილი მუსიკოსები.
ბილეთების გაყიდვა biletebi.ge-ზე უახლოეს დღეებში დაიწყება.