ახალი ამბები

ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში ცვლილება შედის

საქართველოს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში ცვლილება შედის და ახალი 2022-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა მტკიცდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებით, ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის არსებულ ცხრა მიზანს ემატება ოთხი ახალი სტრატეგიული მიზანი: სახიფათო ნარჩენების მართვის გაუმჯობესება, პლასტიკის ნარჩენების მართვა, ბიოდეგრადირებადი ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სისტემების შექმნა და დანერგვა, ინერტული, სამშენებლო და ნგრევის ნარჩენების მართვის გაუმჯობესება; შესაბამისად, ახალი რეალობების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა ახალი ამოცანები.

„ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა მომზადებული იქნა ნარჩენების მართვის კოდექსისა და სტრატეგიის შესაბამისად და მასში გაწერილია ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები როგორიცაა: კანონმდებლობის სრულყოფა და მისი სრული ჰარმონიზება ევროკავშირის რეგულაციებთან; მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სერვისის სრული მიწოდება ყველა დასახლებული პუნქტისათვის; მუნიციპალური საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვა; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ნაგავსაყრელების და გადამტვირთი სადგურების მოწყობა და ძველი ნაგავსაყრელების დახურვა; სამშენებლო და ნგრევის ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სისტემების შექმნა და დანერგვა; სახიფათო ნარჩენების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება; პლასტიკის ნარჩენების პრევენციისა და დამუშავების ღონისძიებების ხელშეწყობა; ბიოდეგრადირებადი ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სისტემების შექმნა და დანერგვა; „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად სატარიფო პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა; ნარჩენების რეციკლირების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა; ცნობიერების ამაღლებისა და ჩართული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის მიზანი ეროვნულ დონეზე ნარჩენების მართვის პოლიტიკისა და მიზნების 15-წლიანი პერიოდისთვის განსაზღვრა და საქართველოში ნარჩენების მართვის განვითარების პროცესში საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებაა – ევროპის ნარჩენების მართვის პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებთან ეტაპობრივი დაახლოების გზით.

აღსანიშნია, რომ ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს და განხორციელების ანგარიშს საქართველოს მთავრობას სამ წელიწადში ერთხელ წარუდგენს.