ახალი ამბები

სოფელ ზემო ბოლქვის მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, არეშფერანის თემის სოფელ ზემო ბოლქვის მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. მათი თქმით, სოფელში წყალი არ მოდის და ის პროექტი, რომელიც წყალმომარაგების კუთხით თვითმმართველობის მიერ არის დაგეგმილი, არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

სოფლები ზემო და ქვემო ბოლქვი მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, ლაგოდეხიდან 27 კილომეტრში. დასახლებული პირების უმეტესობას ეთნიკურად ოსები და ქართველები შეადგენენ.

სოფელ ზემო ბოლქვში მცხოვრები მზია ჭკადუა knews.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სოფელში აღნიშნული პრობლემა წლებია აწუხებთ. მისი თქმითვე, სასმელი წყლის ჭა, საიდანაც მარაგდებიან, 40 წლის წინ საკუთარი ხარჯებით გააკეთეს, თუმცა პრობლემა სრულად ვერ აღმოიფხვრა და ყოველდღიურად მწვავდება.

,,წლებია გვაქვს პრობლემა სასმელ წყალთან დაკავშირებით, ასევე გვაქვს უთანხმოება ჩვენი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელებთან. სასმელი წყალი 40 წლის წინ სოფლის მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით გააკეთა. დღეს კი თვითმმართველობამ გადაწყვიტა დანგრიონ აშენებული სისტემა და თავიანთი პროექტით გაგვიკეთონ. ეს ჩვენ არ გვინდა”,- განუცხადა Knews.ge-ს მზია ჭკადუამ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ იმ სამუშაოების განხორციელება, რასაც სოფელში წყალმომარაგების კუთხით თვითმმართველობა გეგმავს მათთვის მიუღებელია, რადგან ეს პრობლემას კი არ მოაგვარებს, არამედ უფრო გაამწვავებს.

,,ჩვენ ვართ ეთნიკურად ოსებით დასახლებული სოფელი და განვიცდით ზეწოლას. იმ პროექტის განხორციელება, რასაც წყალმომარაგების კუთხით აპირებს თვითმმართველობა, არის ჩვენთვის მიუღებელი, რადგან 2 თვის შემდეგ არც სასმელი წყალი გვექნება, არც სარწყავი. პრობლემა კი უფრო გამწვავდება”,- აცხადებს სოფელ ზემო ბოლქვის მკვიდრი მარინა გიგოლაევა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ სოფლებში შექმნილი წყლის პრობლემის შესახებ ინფორმაცია აქვთ. მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, რომ ზემო და ქვემო ბოლქვის მოსახლეობის წყალმომარაგებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 378 000 ლარი, რომელიც ახალი სისტემის მშენებლობას მოხმარდება.

ჯონდო მდივნიშვილი knews.ge-სთან საუბრისას ასევე აცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში მოხდება სოფლებში არსებული წყლის რესურსების გამოყენება. დაგეგმილია არსებულ ჭაში ტუმბოების დამონტაჟება, ორგანიზებულად წყლის შეკრება და ახალ სისტემაში ჩაშვება, რათა ის ყველა აბონენტამდე მივიდეს.

,,ზემო და ქვემო ბოლქვში ნამდვილად არის წყლის პრობლემა წლებია, ჩვენ ამას არ ვუარვყოფთ. ამ კუთხით წელს, აღნიშნულ სოფლებში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება მასშტაბური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს, დაახლოებით, 4 კილომეტრამდე ახალი ქსელის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. მისთვის ვიყენებთ სოფლებში არსებული წყლის რესურსს. მაგალითად: თუ არის ჭაბურღილი რომელიმე მოქალაქის სახლის წინ და გაკეთებულია ადრეულ პერიოდში, ის მოქალაქე იღებს იქიდან წყალს, დანარჩენებს პრობლემა აქვთ. ამიტომ ვიყენებთ ამ რესურსს, რომ კიდევ არ მოხდეს დამატებით მიწის შრეების დაბურღვა. ზემო ბოლქვის შემთხვევაში ჩატარებულია ყველანაირი წინასაპროექტო კვლევა, რომელიც გულისხმობს წყლის რესურსის შესწავლას, აბონენტების რაოდენობის აღრიცხვას, საშუალო გათვლას, რამდენი იქნება წყლის მოხმარება სავარაუდოდ და სხვა. არსებულ ჭაბურღილზე დამონტაჟდება მაღალი ხარისხის ტუმბოები, რომელიც მოახდენს წყლის შეკრებას და მის ერთიან ქსელში ჩაშვებას. ამ ეტაპისათვის მოქალაქეებს შესაძლებელია არასწორი ინფორმაცია აქვთ, თუმცა, ჩვენი წარმომადგენლები ცდილობენ განუმარტონ, რომ პროექტის დასრულების შემდეგ 280 ოჯახი მიიღებს 24 საათიან წყალს უწყვეტ რეჟიმში. გარდა ამისა, არც წელს და არც მომავალ წელს არ იგეგმება არანაირი ტიპის გადასახადის დაწესება. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს კარგი პროექტია და რაც მთავარია, ამისი საჭიროება წამოსულია სწორედ ადგილობრივებისგან. პროექტის ღირებულება 378 000 ლარია. მინდა დავამშვიდო მოსახლეობა_, არ ხდება არაფრის დანგრევა, უბრალოდ ხდება დახურული წყლის სისტემის მოწყობა. ამის შემდეგ კი სუფთა წყალს მივაწოდებთ ყველას და სათანადო წნევაც ექნება, რომ ჩართონ სხვადასხვა მოწყობილობები. დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანებიც, რომლებიც ახლა ამ პროექტს სკეპტიკურად უყურებენ, ისინიც კმაყოფილები იქნებიან”,– განუცხადა knews.ge-ს ჯონდო მდივნიშვილმა.

ჯონდო მდივნიშვილის თქმითვე, მსგავსი ტიპის პროექტი და სისტემა სხვა სოფლებშიც არის გამოყენებული და წარმატებით მუშაობს.

,,ჩვენ მსგავსი სისტემები სხვა სოფლებშიც გვაქვს. მაგალითად სოფელ კაკლიანში. ეს სისტემა ამართლებს თუ მომხმარებელი სწორად იყენებს წყლის რესურსს. თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ სარწყავად გამოიყენოს, ეს არ გამოვა.
ჩვენ სხვა სოფლებშიც ვახორციელებთ მსგავსი სახის პროექტებს, მაგალითად _ვარდისუბანში, მშვიდობიანში და ცოდნისკარში. სამუშაოებს, ეტაპობრივად, სხვა სოფლებშიც გავაგრძელებთ ”,-
განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.