ახალი ამბები

ლაგოდეხში ახალგაზრდების უნარების და შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი ხორციელდება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდების უნარების და შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი ხორციელდება.

ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, გაიმართა ღონისძიება, რომლის მიზანს მობილური ახალგაზრდული მუშაკების პროფესიისა და მუნიციპალურ დონეზე გენდერული თანასწორობის ინტეგრირების სტრატეგიების შესახებ ადგილობრივი ჩართული მხარეების ცოდნის გაღრმავება წარმოადგენდა.

შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უნარები წარმატებისთვის“ ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ დაინტერესებული მხარეები, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, ლაგოდეხის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, კერძო სექტორი, მობილური ახალგაზრდული მუშაკები და სხვა.

მობილური ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის განხილვისა და პრაქტიკულ აქტივობაში მონაწილეობასთან ერთად, დამსწრეები გაეცნენ პროექტის ბენეფიციართა მიერ შემუშავებული სამეწარმეო იდეების შესახებ.

Save the Children International საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა დამსწრე პირებს მიაწოდეს ინფორმაცია ევროკავშირის მიერ „უნარები დასაქმებისათვის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამწლიანი პროექტის „უნარები წარმატებისათვის შესახებ“. პროექტს ახორციელებს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, კონრად ადენაუერის ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად. ის მიზნად ისახავს 16-29 წლის ახალგაზრდებს შორის სამეწარმეო და დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარებას.

პროექტის ძირითად სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ახალგაზრდები, რომლებიც არ სწავლობენ, არ არიან დასაქმებული და არც რაიმე ტიპის ტრენინგს გადიან (შემდგომში, NEET ახალგაზრდები) და ხორციელდება საქართველოს ხუთ რეგიონში – გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, შიდა ქართლში, კახეთსა და თბილისში ამ ტიპის ახალგაზრდებისათვის არაფორმალური განათლების შესაძლებლობებზე წვდომის გაზრდის გზით.