კახეთში, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტი განახლდა
კახეთის რეგიონში, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტი განახლდა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობის ხელახალი უკმაყოფილება იმ ჯიხურებმა გამოიწვია, რომელიც კომპანია ,,ართანა- ლოპოტამ’’ ჰესის მშენებლობისათვის გამოყოფილ ტერიტორიასთან ახლოს განათავსა. მოსახლეობის თქმით, კომპანიის წარმომადგენლებმა ეს დილის საათებში გააკეთეს.
,,დილის შვიდ საათზე ამოიპარნენ შემოვლითი გზით და ჩადგეს ჯიხურები. ყველა უნდა გამოფხიზლდეს, სანამ საღამოსთვის მშენებლობას დაასრულებენ. ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი პროტესტი და არ ვაპირებთ ამ პროცესს დავეთანხმოთ. აქაურობის განადგურების უფლებას არავის მივცემთ, ვითხოვთ მოაცილონ ეს ჯიხურები აქედან “- ამბობენ ადგილობრივები.
ამ დროისათვის სოფლის მოსახლეობა და კომპანიის წარმომადგენლები თელავის მუნიციპალიტეტის მერს ხვდებიან, რის შემდეგაც ლაფანყურის მოსახლეობა პროტესტის შემდგომ ფორმაზე ჩამოყალიბდება. პროტესტი ლოპოტა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ, ოთხი წელია, ეტაპობრივად გრძელდება.
დროდადრო, სოფელ ლაფანყურში, მოსახლეობა ღია ცის ქვეშ მორიგეობს და კომპანიას ჰესის მშენებლობის საშუალებას არ აძლევს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესის მშენებლობა ბუნებრივ გარემოს გაანადგურებს და სოფელს ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის. შეგახსენებთ, მცირე ჰიდროელექტროსადგურ „ლოპოტა 1“-ის მშენებლობის ნებართვა კომპანია „ართანა ლოპოტამ“ 2018 წელს მიიღო, თუმცა პროტესტის გამო, სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. პროექტის მიხედვით, ჰესის დადგმული სიმძლავრე 6 მეგავატი იქნება.