ფერმერები კლიმატგონივრული სისტემების დანერგვას შეძლებენ
ფერმერებისთვის ყოველდღიურობის გასამარტივებლად და აგროსექტორში ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვის მიზნით, თიბისისა და მცირე მეტეოსადგურების კომპანია CVIG-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანი ფერმერების მრავალჯერადი დახმარებაა როგორც ფინანსური კუთხით, ისე გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით. თიბისის მომხმარებლებს კომპანია CVIG კლიმატგონივრული სისტემების დანერგვის, ინფორმაციის გაზიარებისა და მონიტორინგის კუთხით სხვადასხვა სერვისს შესთავაზებს.
“ჭკვიანი მეურნეობის” სისტემები ფერმერს საშუალებას აძლევს, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღოს და საკუთარ ნაკვეთში მიმდინარე პროცესები მუდმივად აკონტროლოს. ერთ-ერთი ასეთი სისტემა EnviroMonitor-ის მცირე მეტეოსადგურებია, რომლებიც საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ინერგება. იგი ლოკალური მიკროკლიმატის, მავნებლებისა და დაავადებათა წინასწარი პრევენციის უწყვეტი მონიტორინგისთვის გამოიყენება. ამ სისტემების მოწყობით დაინტერესებულ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ სოფლის განვითარების სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტით.
კლიმატგონივრული სისტემების დანერგვა განსაკუთრებით ხელსაყრელი აგრო-სტარტაპებისთვისაა, რადგან ასე რისკები უფრო დაზღვეული იქნება და საერთო ჯამში, მეტად საიმედო პარტნიორები შეიძლება იყვნენ, როცა საქმე მათ მხარდაჭერას ეხება. EnviroMonitor-ის დახმარებით ფერმერს ამინდზე დაკვირვება ლოკალურად შეუძლია და იგი აღარ არის დამოკიდებული მრავალი კილომეტრით დაშორებულ მეტეოსადგურზე — ყველაფერი იქვე, საკუთარ ნაკვეთშია მოწყობილი და ინფორმაციას მობილურზე, კომპიუტერზე ან პლანშეტზე იღებს.
ჰაერის ტემპერატურა, ჰაერის ტენიანობა, ქარის სიჩქარე და მიმართულება, ნალექები, მცენარეთა ფოთლის სისველე, მზის რადიაცია, მზის ჩასვლა-ამოსვლის ზუსტი დროის მაჩვენებლები, მთვარის ფაზების მონაცემები, ბარომეტრის მონაცემები, ევაპოტრანპორაცია, ნიადაგის ტემპერატურა, ტენიანობა და მარილიანობა — ამ ყველაფერზე ინფორმაციას მცირე მეტეოსადგური იძლევა. აღსანიშნავია, რომ EnviroMonitor სისტემის გამოყენება შესაძლებელია როგორც მევენახეობა/მებაღეობისათვის, ისე სასათბურე მეურნეობებისთვის.