“აგვისტოს დასაწყისიდან საქართველოში საწვავზე ფასების კლება აუცილებლად დაიწყება“
ნავთობ-იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი შემდეგი თვიდან საწვავის გაიაფებას პროგნოზირებს.
მისი თქმით, ფასის კლების მიზეზი ერთი მხრივ – ლარის კურსის გამყარება, მეორე მხრივ კი, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ფასის კლებაა.
თუ ივნისის დასაწყისში “ბრენტის” ტიპის ბარელი ნავთობის ღირებულება 116 დოლარი იყო, დღეს კი ეს ფასი 105 დოლარამდეა შემცირებული. რაც შეეხება ლარის კურსს, ლარი ზედიზედ მესამე კვირაა მყარდება. წლის დასაწყისიდან დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 9.67%-ით არის გამყარებული. მაისში ის – 0.76%-ით გამყარდა, ივნისში – 7.08%-ით, მიმდინარე თვეში კი გამყარების მაჩვენებელმა 3.01%-ს გადააჭარბა.