Il Bel Paese, ანუ ყოველდღიურობა იტალიაში (ნაწილი 3)
უბრალო, მაგრამ დამახასიათებელი დეტალები იტალიის ყოველდღიური ცხოვრებიდან.
რუბრიკას „გზა ევროპისკენ“ უძღვება თინათინ ზურაბიშვილი, ბოლონიის უნივერსიტეტის დოქტორანტი.
ნაწილი 3. ფაშიზმის შემდეგ
ქალაქი ფორლი. ზუსტად 139 წლის წინ ამ ქალაქის მახლობლად დაიბადა ბავშვი, რომლის სახელიც იტალიის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ პერიოდს უკავშირდება. სამი რევოლუციონერის პატივსაცემად მამამ მას ბენიტო ამილკარე ანდრეა დაარქვა. დიახ, მუსოლინი.
გასული საუკუნის დასაწყისში ეს საინფორმაციო პუნქტი საგაზეთო ჯიხური იყო, სადაც ახალგაზრდა მუსოლინი გაზეთებს ყიდულობდა. ეს მაშინ, როცა მომავალი დუჩე ცნობილი იყო როგორც რადიკალური სოციალისტური შეხედულებების მქონე ჟურნალისტი, რის გამოც უკვე არაერთხელ იყო დაპატიმრებული. სწორედ ფორლიში ცხოვრების პერიოდში დაიწყო მუსოლინიმ პოლიტიკური მოღვაწეობა, სოციალისტური პარტიის მდივანი გახდა და ამავდროულად პარტიის ოფიციალურ გაზეთს ჩაუდგა სათავეში. მუსოლინის მოსვლამდე გაზეთს ერქვა L’idea socialista („სოციალისტური იდეა“), მაგრამ ბენიტომ მას სახელი შეუცვალა და Lotta di classe („კლასობვირი ბრძოლა“) დაარქვა. კი, თავისებური მარქსისტიც იყო.
ისევე როგორც მთელ იტალიაში, ფორლიში კარგად ახსოვთ მუსოლინი და მისი მმართველობის პერიოდი. ისიც უნდა ითქვას, რომ ქალაქის რამდენიმე უბანმა მისი მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვნად იცვალა სახე, აშენდა ე.წ. რაციონალიზმის სტილის შენობები და იმ დროისთვის საოცრად კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინები საჯარო მოხელეების ოჯახებისთვის. იგივე შეიძლება ითქვას იტალიის სხვა ქალაქების შესახებ.
შენობები დარჩა, მაგრამ ისევე როგორც მთელ იტალიაში, ფორლიში დღემდე დიდ სირცხვილად აღიქმება ქვეყნის ფაშისტური წარსული. ფაშიზმისგან განთავისუფლების დღე (25 აპრილი) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო დღესასწაულია. ქვეყანაშე დღემდე მოქმედებს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი პარტიზანული მოძრაობის „შთამომავალი“ ეროვნული ასოციაცია Partigiani d’Italia („იტალიის პარტიზანები“). მისი წევრების აქტიური დახმარებით ომის შემდგომ წლებში ისტორიკოსებმა შეძლებისდაგვარად დაადგინეს ბრძოლებში გარდაცვლილი ანტიფაშისტური პარტიზანული მოძრაობის წევრების ვინაობა. იტალიის ქალაქებში ბევრი ქუჩა ამ მებრძოლების სახელს ატრებს.
ეს მემორიალური დაფა ფორლის ისტორიულ ცენტრში მადლიერებით მოიხსენიებს ანტიფაშისტური მოძრაობის წევრებს, ადგილობრივებსაც და უცხოელებსაც, და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას. თუმცა, ბევრი მებრძოლი – როგორც, მაგალითად, 20 წლის ელვიო რეალი – ისე დაიღუპა, რომ მისი სურათი არ შემორჩა ისტორიას.
იტალიაში არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ ფაშიზმის დამარცხება. შთამბეჭდავია, როგორ სრულიად აღმოფხვრა ქვეყანამ ეს იდეოლოგია. ერთი შეხედვით უცნაურია, რომ, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, იტალიაშიც არის მემარჯვენე პარტიები და მათი ამომრჩევლები. მაგრამ ეს პარტიები არსებულ პოლიტიკურ კონტექსტში მოქმედებენ და ვერასოდეს გახდებიან ტოტალიტარულები; თვით ამ პარტიების არსებობა დემოკრატიის გამარჯვების მტკიცებულებაა. დემოკრატიას ბევრი ხარვეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მემარჯვენე პარტიების გარდამავალი წარმატებების მიუხედავად, ომის შემდგომი პოლიტიკური სისტემა გამორიცხავს ფაშიზმის საფრთხის დაბრუნებას იტალიაში. და რაც, ალბათ, პოლიტიკურ სისტემაზე უფრო მნიშვნელოვანია, მოსახლეობის განწყობები, ისევე როგორც სამოქალაქო აქტივობის დონე ცალსახად მოწმობს, რომ ხალხი არასოდეს – აღარასოდეს – შეეგუება ტოტალიტარიზმს. ამის ნათელი წინაპირობაა ის გარემოება, რომ დღესდღეობით იტალიელების დაახლოებით ნახევარს არ აკმაყოფილებს, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია იტალიაში; კერძოდ, მათთვის მიუღებელია, რომ არ ხდება ქვეყნის პრეზიდენტის და მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტის არჩევა ხალხის მიერ, საყოველთაო არჩევნების გზით (ქვეყნის პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს, ხოლო მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტს – ქვეყნის პრეზიდენტი). ეს უკმაყოფილება სხვა არაფერია, თუ არა დემოკრატიის შემდგომი განვითარების წინაპირობა.