ახალი ამბები

ღვინის ციფრული მუზეუმი – გაიცანით თელაველ მაკა ჩაველაშვილის სტარტაპი

სულ მალე თელავში ღვინის ციფრული მუზეუმი შეიქმნება.

ინოვაციური სივრცის და თანამედროვე ტექნოლოგიების, კონკრეტულად კი ჰოლოგრამების გამოყენებით, ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ იმოგზაურონ მეღვინეობის 8000 წლიან ისტორიაში და ამავდროულად, მიიღონ ესთეტიური სიამოვნება ღვინის ნარჩენი მასალის გამოყენებით ხელოვნების ნიმუშების შექმნის პროცესში.

Art Winery –ღვინის ციფრული მუზეუმის შექმნის იდეა თელაველ მაკა ჩაველაშვილს და მის მეუღლეს ეკუთვნით. წყვილი წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა, თუმცა მათ სამშობლოში დაბრუნება და საქმიანობის აქ დაწყება გადაწყვიტეს.

იდეის ავტორი, მაკა ჩაველაშვილი აცხადებს, რომ ღვინის, მისი დაყენების ტექნოლოგიის და ისტორიის გაციფრულება დიდი ხანი უნდოდა, თუმცა ამ მიმართულებით აქტიურობა, იდეის დამუშავება და ბიზნეს გეგმად ქცევა, რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
მაკამ აღნიშნული იდეით საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და 100 000 ლარის ოდენობის გრანტიც მოიპოვა, რაც, როგორც თავად ამბობს, საქმიანობის დაწყებაში დაეხმარებათ.

,,დაახლოებით 10 წელია რაც სტუმარ-მასპინძლობის სექტორში ვსაქმიანობ და დიდი ხანია ვფიქრობ რითი შეიძლება, რომ უფრო მეტად დავაინტერესოთ სტუმრები, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო. ვცხოვრობთ თელავის ცენტრში და ჩვენს სახლს აქვს საუკუნოვანი ისტორია. გვინდა რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ.
რაც შეეხება იდეას, ნამდვილად მადლიერები ვართ, რომ ჩვენ შეგვარჩიეს და ეს, ამასთანავე, არის დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ ვგეგმავთ ჰოლოგრამების გამოყენებით ციფრული მუზეუმის შექმნას. აქ იქნება განთავსებული ინფორმაცია ღვინის დაყენების საწარმო პროცესებზე, რადგან ვფლობთ ვენახს. გარდა ამისა, როცა ღვინის წარმოება ხდება, ნარჩენები: ლექი და სხვადასხვა მასალები, რაც მიდის ნაგავსაყრელზე. ჩვენ გვსურს გამოვიყენოთ ეს ყველაფერი ხელოვნებაში. ამ მიმართულებით კარად გამოვიკვლიეთ ბაზარი და ბევრი ადამიანი არის დაინტერესებული. მივიღეთ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა და გავიმარჯვეთ”,-
აცხადებს მაკა ჩაველაშვილი.

მისი თქმით, ის გასულ წლებში მეღვინეობა ,,შუმში” და ,,შატო ბუერაში” მუშაობდა, სწორედ აქედან ჰქონდა სურვილი მეღვინეობის და მისი ისტორიის გაციფრულების შესახებ. მაკა ამბობს, რომ კახეთის რეგიონს, და ასევე თელავის მუნიციპალიტეტს, ამ მიმართულებით დიდი შესაძლებლობები აქვს, რადგან აქ ბევრი მევენახეა, ბევრი ღვინის კომპანია და ბევრი ხელოვანი ადამიანი ცხოვრობს, ვის შესახებაც სამიზნე ჯგუფებისთვის ინფორმაციის მიწვდა ძალიან მნიშვნელოვანია.

,,თელავი პატარა ქალაქია და აქ ბევრი ტურისტი ჩამოდის. გარდა ამისა, პანდემიამ გვაჩვენა, რომ ადგილობრივი ტურისტებიც მოდიან. მათ აინტერესებთ გემრიელად მიირთვან და ასევე, უნდათ ესტეთიური სიამოვნება მიიღონ საღამოს. გარდა ამისა, აქ ბევრი ხელოვანი ადამიანი ცხოვრობს და შესაძლებელია ამისი სწორად გამოყენებაც.
სულ ვფიქრობდი მეღვინეობის 8 000 წლიანი ისტორია როგორ გამოგვეყენებინა სწორად. ბევრ ქვეყანას აქვს შექმნილი ციფრული მუზეუმი და რატომ არ შეიძლება ეს კახეთზეც გავაკეთოთ, მაშინ როცა ამხელა ისტორია და შესაძლებლობა აქვს რეგიონს.
გვინდა მეღვინეობის ეს ისტორია განსხვავებულად და საინტერესოდ წარმოვაჩინოთ. ტექნოპარკი, კი, სადაც მოხდა ჩვენი იდეის დახვეწა, არის საუკეთესო ადგილი იმ ადამიანებისთვის, ვისაც საქმის გაკეთება უნდა. მეც ამ იდეის საბოლოო შტრიხები სწორედ აქ ჩამოვაყალიბე”,
– განუცხადა Knews.ge-ს მაკა ჩაველაშვილმა.

მაკა აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში რეგიონში სტუმარ-მასპინძლობის სერვისი იხვეწება, იქმნება ბევრი ტურისტული ადგილი, თუმცა ხელოვნებაზე შედარებით ნაკლები ადამიანი ფიქრობს. სწორედ ამიტომ, როგორც თავად აღნიშნავს, ამ მიმართულებით აქტიურობა მნიშვნელოვანია.

,,რეგიონში ბევრი კომპანიაა, რომელიც მეღვინეობის კუთხით მუშაობს, აღადგინეს ღვინის უძველესი ჯიშები, ასევე გასტრონომიული თვალსაზრისითაც ბევრი მუშაობს, ამ კუთხით ძლიერები ვართ და რაც შეეხება ხელოვნებას, ცოტა მოვიკოჭლებთ. იმედი გვაქვს ეს ჩვენი იდეა და საქმიანობა ბევრს გადაედება და ბევრი კმაყოფილი სტუმარი წავა კახეთიდან.
კახეთი მეღვინეობის რეგიონია, ახლოს ვართ თბილისთან, ბევრი სასტუმრო აშენდა, ბევრი ღვინის მწარმოებელია და ტურისტული პოტენციალი რეგიონს აქვს უდიდესი როგორც აგროტურისტული ისე სხვა მიმართულებით. როცა გაქვს კარგი ღვინო, გემრიელი კერძები, ულამაზესი ხედები, ეს სწორად უნდა იყოს გამოყენებული”.

მაკა ამბობს, რომ ამ დროისთვის მუზეუმის შექმნისთვის საჭირო სამუშაოები დაწყებული აქვთ, თუმცა მუშახელთან დაკავშირებით გარკვეული სახის პრობლემები შეექმნათ.

,,მუზეუმის შექმნისთვის დავიწყეთ სამუშაოები უკვე, თუმცა ერთადერთი გამოწვევა არის მუშახელის და პროფესიონალიზმის ნაკლებობა სამშენებლო კუთხით. ამ კუთხით ძალიან გაგვიჭირდა”,-აღნიშნავს მაკა.

მისი თქმით, ღვინო ასოცირდება დღესასწაულთან, მაგრამ მას ზრდასრული ადამიანი მიირთმევს, პატარებს კი ვერაფერს სთავაზობენ. ისინი სამომავლოდ ბავშვებისთვის გეგმავენ სიახლეებს, მასტერკლასებს, შემეცნებით ღონისძიებებს და სხვა.