ახალი ამბები

აზარტული თამაშების კომპანიები მთავრობას სასამართლოში უჩივლებენ

აზარტული თამაშების კომპანიები მთავრობის წინააღმდეგ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ. მიზეზი რეგულაციებია, რომლებმაც, სექტორს ფინანსური პრობლემები შეუქმნა.

ბიზნესს სურს, რამდენიმე თვის წინ შემუშავებულ კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. აზარტული თამაშების ასოციაციაში აცხადებენ, რომ შეზღუდვები გამოსავალი არ აღმოჩნდა, რადგან მოქალაქეები თამაშს მაინც ახერხებენ, მათ შორის, უცხოურ საიტებზე.

“დაქირავებული კომპანიისგან საბოლოო დოკუმენტს ველოდებით და სარჩელს დაახლოებით 10 დღეში შევიტანთ. იმედი გვაქვს, შევძლებთ სიმართლის დამტკიცებას და კანონმდებლობის ნაწილის იმ ჩარჩოში დაბრუნებას, რა ჩარჩოშიც იყო. გადასახადების 70%-ით ზრდა არაკონსტიტუციურია”,- აცხადებს აზარტული თამაშების ასოციაციის დირექტორი, გიორგი მამულაიშვილი.

შეგახსენებთ, 2022 წლის პირველი მარტიდან თამაშების ორგანიზატორი ვალდებულია:

• არ დაუშვას მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა, ან გადატანა;

• აზარტული და მომგებიანი თამაშების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები;

• აზარტული და მომგებიანი თამაშების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად მოახდინოს პირის ხელახალი ვერიფიკაცია;

• თამაშების მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.