სოფელ რუისპირში ,,ეკო სოფელი” აშენდება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ,,ეკო სოფელი აშენდება.
ახალ პროექტის განხორციელების იდეა რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის მფლობელს, გიორგი ალადაშვილს ეკუთვნის. მისი თქმით, აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2.2 მლნ ლარია. გიორგის განმარტებით, მისი სურვილი ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული სტანდარტების სოფლის შექმნა და განვითარებაა, სადაც ცალკეული სახლის მფლობელი კერძო პირი იქნება, მეურნეობისა და ეკო სოფლის მართვას კი თავად განახორციელებს.
პროექტის მიხედვით დაგეგმილია 1 ჰექტარ ფართობზე 16-მდე სხვადასხვა ზომის ეკო სახლის მოწყობა, რომელიც სრულად ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენდება. ნაგებობებში რკინა-ბეტონი გამოყენებული არ იქნება. სახლები ხით და კირქვით აიგება.
„3 – დიდი შატო, 1 ბეღელი, თავისი 6 დიდი აპარტამენტით, 10 ორსართულიანი სახლი მანსარდით – ეს ეკო სოფლის პროექტია, რომლის განხორციელებაც უკვე დაწყებული გვაქვს და აპარტამენტების გადაკეთებასთან ერთად ცალკეული სახლების მშენებლობაც მიმდინარეობს. სახლები მზის პანელებით იქნება აღჭურვილი და თითოეულს ექნება მარანი, პირადი გამოყენებისთვის. თითოეული მათგანი კერძო პირზე გაიყიდება. სახლის მფლობელებს სურვილის შემთხვევაში აქ ცხოვრება შეეძლებათ, არყოფნის პერიოდში კი უძრავი ქონების გაქირავებას და შემოსავლის მიღებას შეძლებენ.
ჩვენ კარკასს ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან ვაშენებთ და მფლობელი მას სურვილისამებრ მოაწყობს. გარდა ეკო სახლებისა, ჩვენს პოტენციურ მაცხოვრებლებს 5 სხვადასხვა ჯიშის ვაზის არჩევას ვთავაზობთ, საიდანაც მისი სახელობის ღვინო დამზადდება. ამასთან, ღვინიდან დაწყებული, მურაბებით დასრულებული, სახლის მეპატრონეებს, სურვილის შემთხვევაში, ჩვენს მეურნეობაში მოყვანილ ნებისმიერი ხილისა და ბოსტნეულის პროდუქტებს დავუმზადებთ“, – განმარტა ალადაშვილმა.
ეკო სახლების ღირებულება აპარტამენტის შემთხვევაში 15-20 ათასი დოლარი იქნება, 1-სართულიანი სახლის ღირებულება 40 000 დოლარი, ხოლო ორსართულიანის – 60 000 დოლარი.
ბიომეურნეობის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ეკო სოფლის პროექტის მიმართ ინტერესი ადგილობრივი მცხოვრებლების და ასევე უცხოელების მხრიდან უკვე არის, შესაბამისად პროექტის პირველი ეტაპის დასრულებას ალადაშვილი 2022 წლის რთველის სეზონისთვის გეგმავს.