სოფელ კურდღელაურში, ფერმიდან სუფრამდე კონცეფციით დასასვენებელი სივრცე „ვერცხლის ტბები“ გაიხსნა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, ფერმიდან სუფრამდე კონცეფციით დასასვენებელი სივრცე „ვერცხლის ტბები“ გაიხსნა. პროექტის თანამდაფუძნებელი ცნობილი შეფ-მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძეა.
მისი განცხადებით, 22 ჰა ტერიტორიაზე, რომლის ათვისებაც 10 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება, უკვე ფუნქციონირებს 3 კოტეჯი, ხელოვნურად მოწყობილი 7 ტბა (ჯამში 7 ჰა-ზეა გაშენებული) გარე აუზი, ვენახი, ბოსტნეულის და ხეხილის ბაღები, თევზსაშენი და ასე შემდეგ. ადგილზე მოქმედებს კაფე-რესტორანი, სადაც ბოსტნეულის ნაწილი კომპანიის საკუთრებაში არსებულ ფერმაშია მოყვანილი ნაწილი კი ახლომდებარე მეზობელი მეურნეობებიდან.
გაშენებულია 2 ჰა ტერიტორიაზე მზესუმზირის ბაღი, საიდანაც მოყვანილი მზესუმზირით კომპანია საკუთარი მოხმარებისთვის მზესუმზირის ზეთს აწარმოებს. როგორც გაჩეჩილაძე აცხადებს, დამფუძნებლები დაახლოებით 3 წელია აღნიშნულ პროექტზე მუშაობენ, გასულ კვირას კი დასასვენებელმა სივრცემ პირველი სტუმრები მიიღო. მისი ინფორმაციით, სტუმრები ამ დროისთვის ადგილობრივი დამსვენებელია, თუმცა, ინტერესია საერთაშორისო ტურისტების მხრიდანაც.
მიმდინარეობს დამატებით კოტეჯების მშენებლობა. შესაბამისად, მიმდინარე წლის ოქტომბერში დასასვენებელ სივრცეში 10 კოტეჯი იქნება. 2023 წლისთვის კი დაგეგმილია ქათმის ფერმის მოწყობა, ასევე 20 ადგილიანი სასტუმროს მშენებლობა. დასასვენებელ სივრცეში ამ დროისთვის 20-მდე ადგილობრივია დასაქმებული.