ბანკებსა და ელექტრონულ პლატფორმებს შორის თანამშრომლობის გამჭვირვალობის ხელშეწყობისთვის ახალი მოთხოვნები წესდება
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბანკებსა და ელექტრონულ პლატფორმებს შორის თანამშრომლობის გამჭვირვალობისა და ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით, ბანკებისათვის დამატებითი მოთხოვნები შეიმუშავა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებისთვის მომზადდა ცვლილებების პროექტი, რომელსაც ეროვნული ბანკი დაინტერესებულ მხარეებს საკონსულტაციოდ სთავაზობს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ცვლილების მიხედვით, პლატფორმა წარმოადგენს ელექტრონულ პლატფორმას, რომელიც მესამე მხარეებს ონლაინ საშუამავლო მომსახურების შესაძლებლობას აძლევს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სწორედ ამგვარ საშუამავლო პლატფორმებთან თანამშრომლობის გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით, ბანკებს, მათთან თანამშრომლობის შესახებ შეთავაზების წინადადების („ოფერტზე“ მოწვევა) სულ მცირე 30 დღის განმავლობაში გამოქვეყნება და სასურველი პარტნიორების გამჭვირვალედ შერჩევა დაევალებათ. „ოფერტზე“ მოწვევის გამოქვეყნების ვალდებულება იმ შემთხვევაშიც გავრცელდება, თუკი ბანკი, კანონით გათვალისწინებული ნებადართული საქმიანობის ფარგლებში, მესამე მხარისთვის თავად გამოვა საშუამავლო პლატფორმის როლში.
პროექტის მიხედვით, „ოფერტზე“ მოწვევით განსაზღვრული პირობები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს “კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამასთან, პირობები უნდა უზრუნველყოფდეს კანდიდატთა ფართო წრესთან პოტენციური თანამშრომლობის შესაძლებლობას და დაცული უნდა იყოს “გაშლილი მკლავის პრინციპი”.
„პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები მხოლოდ სისტემური მნიშვნელობის მქონე ბანკებს და იმ ბანკებს შეეხებათ, რომელთა ჯგუფიც ერთ ან რამდენიმე პლატფორმას ან სხვა ისეთ პირ(ებ)ს მოიცავს, რომლებსაც ბანკი ონლაინ საშუამავლო მომსახურების გაწევას სთავაზობს. ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნები შესაძლოა იმ ბანკზეც გავრცელდეს, რომელიც გარკვეული პროდუქტების/მომსახურების შესაბამის ბაზარზე დომინანტურ მდგომარეობას ფლობს.
მოთხოვნები მსოფლიო ბანკის ექსპერტთა ჩართულობით შემუშავდა და ეროვნული ბანკი ეკოსისტემების ღიაობის და შესაბამის ბაზრებზე ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.