ფერმერების მიერ დაუდევრობით გაჩენილი ხანძრები კახეთში
ყოველ წელს შირაქის და ალაზნის ველები ფერმერების დაუდევრობით ცეცხლის ალში ეხვევა. მიწის გასუფთავების მიზნით განგებ გაჩენილი ხანძარი რამდენიმე ათეულ ჰექტარზე მეტ მიწას აზიანებს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეწარმე ნიკა ბაგალიშვილი Knews.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ყოველ წელს ფერმერები მოსავლის აღების შემდეგ ადგილებს გასუფთავების მიზნით ცეცხლს უკიდებენ და შემდეგ მის ჩაქრობას ვეღარ ახერხებენ, რის გამოც ალაზნის ველი ცეცხლის ალში ეხვევა.
,,ყოველ წელს ალაზნის ველზე ხანძრებია, ფერმერები ადგილის გასუფთავების მიზნით აჩენენ ხანძარს და მერე ვეღარ აკონტროლებენ. შარშან ამ კუთხით ცუდი სიტუაცია იყო მაგრამ წელს უარესია.ყოველდღიურად ჩნდება ხანძრები. პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია კანონის გამკაცრება. ასევე ჯარიმებიც უნდა იყოს და კომბაინებს უნდა მიეცეთ ვალდებულება საკუწები ჩაურთონ. ფქვილად გადაიქცევა ის ნარჩენი და ხვნაში აღარ შეუშლის ხელს”,- განუცხადა knews.ge-ს ნიკა ბაგალიშვილმა.
სპეციალისტების თქმით, აღნიშნული უარყოფითი პრაქტიკა აზიანებს როგორც მიწას, ასევე ქარსაფარ ზოლებსა და ანადგურებს ფრინველებს.
,,პრობლემა ზოგადად დგას კახეთში. განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე სადაც ერთწლიანი მარცვლოვანი კულტურების მოყვანა ხდება. ფერმერები ნამჯის გადაწვის მიზნით აჩენენ ცეცხლს. ეს დაუშვებელია, რადგან ვერ ხდება ცეცხლის გაკონტროლება და ხანძარი ფართო მასშტაბს იღებს.
გარდა ამისა, ასევე გლეხი თავის საკუთრებასაც აყენებენ ზიანს. გადაწვის დროს ხდება ნიადაგის სტრუქტურის დაშლა. ნამჯა უნდა შეგროვდეს და გამოტანილი იქნეს ადგილიდან, ან უნდა ჩავიდეს მიწაში რადგან ის ორგანული სასუქია და მოსავლისთვის კარგია. აღნიშნული პრაქტიკა სამწუხაროდ კომუნისტების დროიდან მოდის და დღემდე გრძელდება’’,– განუცხადა knews.ge-ს ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირინე ფხოველიშვილმა.
ირინე ფხოველიშვილი განმარტავს, რომ დედოფლისწყაროს, სიღნაღის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ნაწილი გაუდაბნოების ზონაშია. მისივე თქმით, ნიადაგის გადაწვით და ქარსაფარი ზოლების განადგურებით აღნიშნული პრობლემები უფრო მწვავდება.
,,არამარტო დედოფლისწყაროში, ეს პრობლემა ზოგადად დგას. აღნიშნული პრაქტიკა სამწუხაროდ კომუნისტების დროიდან მოდის და დღემდე გრძელდება. ამას შემდეგ ბევრი პრობლემა მოსდევს. გასულ წლებში ამ ფაქტს დედოფლისწყაროსა და სიღნაღში საძოვრების გადაწვაც მოყვა. გარდა ამისა, მცირედ შემორჩენილი ქარსაფარი ზოლებიც იწვება და ეს ძალიან ცუდია’’,- განუცხადა knews.ge-ს ირინე ფხოველიშვილმა.
მისი განცხადებით, იმის თაობაზე თუ რა შედეგებს იწვევს მიწის გადაწვაა ფერმერების უმეტესობა ინფორმაციას არ ფლობს.
იხილეთ ამავე თემაზე:
რა ზიანს აყენებს გარემოს ფერმერების დაუდევრობით გაჩენილი ხანძრები