სამუშაო სივრცეში სამედიცინო დახმარების ოთახის განთავსება სავალდებულო გახდა
1 ივლისიდან კომპანიები ვალდებულები არიან, საკუთარ შენობაში, სამუშაო სივრცეში, პირველადი სამედიცინო დახმარების ერთი ან მეტი ოთახი განათავსონ, ან ამ მიზნით სპეციალური ადგილი გამოყონ.
მთავრობის მიერ დამტკიცებული დადგენილების თანახმად, პირველადი სამედიცინო დახმარების ოთახები სპეციალური დანადგარებით უნდა იყოს აღჭურვილი, ამასთანავე, შესაძლებელი იყოს საკაცით გადაადგილება.
როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, დადგენილება სხვადასხვა სამუშაო ადგილებზე დაცული გარემოს შექმნას და თანამშრომლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
შრომის ინსპექციაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე რეგლამენტი მხოლოდ იმ სამუშაო ადგილებზე გავრცელდება, რომლებიც განთავსებულია იმ შენობა-ნაგებობებში, რომლებზეც მშენებლობის ნებართვა დადგენილების ამოქმედების შემდეგ გაიცა. უკვე არსებული კომპანიები კი, 2-წლიანი საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ. თუ კომპანიები, გაფრთხილების მიუხედავად, დადგენილებით გათვალისწინებულ პირობებს არ შეასრულებენ, მათ სამუშაო პროცესი შეუჩერდებათ.