ევროკომისიამ საქართველოს სტატუსთან დაკავშირებული საკითხის განხილვა გადადო
ჩვენ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, გაფართოების პაკეტში პრიორიტეტების შესახებ ანგარიშს 2023 წელს წარვადგენთ. ეს მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს, რომ საფუძვლიანად იმუშაონ პრიორიტეტებზე, – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა მაიკლ რუპიმ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიური ანგარიშის პროექტი წარადგინეს.
„რასაკვირველია, რუსულმა აგრესიამ შეცვალა გეოპოლიტიკური რეალობა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს დიდი მხარდაჭერა რეგიონის მიმართ კომისიის მიდგომასთან დაკავშირებით. კომისიამ დაამტკიცა 17 ივნისს დასკვნა, შემდეგ ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა ჩვენი რჩევა და მოხარული ვართ, რომ საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, მაშინვე, როდესაც მოგვარდება რიგი პრიორიტეტები.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დაინტერესებული ვართ იმით, რომ საქართველომ იმუშაოს ბევრი, ღრმად და საფუძვლიანად ამ პრიორიტეტებზე. ამიტომ ფრთხილი განსჯის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა მათ მცდელობებში, მოახდინონ ქვეყნის დეპოლარიზაცია, დასხდნენ ერთ მაგიდასთან, ზედმიწევნით იმუშაონ რეფორმებზე. ამიტომ ჩვენ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, გაფართოების პაკეტში პრიორიტეტების შესახებ ანგარიშს 2023 წელს წარვადგენთ. ეს მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს, რომ საფუძვლიანად იმუშაონ პრიორიტეტებზე“, – აღნიშნა ევროპული კომისიის წარმომადგენელმა.