ახალი ამბები

ტურისტული სეზონის ტენდენციები – ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან შემოვიდა

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის ტურისტულ სეზონზე  ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან შემოვიდა. ტურისტული მიზნით ქვეყნებისდან ვიზიტორების რეიტინგი კი ასე გამოიყურება.

1) რუსეთი – 90 239 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 503%
2) თურქეთი – 62 192 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 110%
3) სომხეთი – 61 974 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 365%
4) საქართველო (არარეზიდენტი) – 22 143 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 104%
5) ისრაელი – 20 555 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 30%

ამ ფონზე კახეთში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. აგროტურისტული ცენტრები, საოჯახო და დიდი სასტუმროები და სხვა დაწესებულებები, რომლებიც ტურიზმის მიმართულებით ფუნქციონირებენ, ვიზიტორების მოსაზიდად სხვადასხვა სერვისებს ამატებენ და სამიზნე აუდიტორიას სთავაზობენ.

შემოსული ვიზიტორების უმეტესობას დასვენება, გართობა და, რეკრეაცია აინტერესებს., მეორე ადგილზეა მეგობრების, ნათესავების მონახულება, შემდეგ კი მოდის განათლების მიღება, მკურნალობა, გაჯანსაღება, რელიგია, მომლოცველობა, შოპინგი და სხვა.

თელავის მუნიციპალიტეტის მაგალითზე რომ განვიხილოთ, ტურისტების უმეტესობა ქალაქში ძირითადად ისტორიული მუზეუმის, მეფის სასახლის, ასევე წინანდლის სასახლის მონახულებით და სხვა ადგილებით ინტერესდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, 2019 წლის ბოლოს თელავში აღნიშნულ ადგილებს 184 345 ვიზიტორი ესტუმრა, 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით 8 106, ხოლო 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით 4 795 ვიზიტორი. გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, კახეთის რეგიონში შემოსული ტურისტები ასევე ინტერესდებიან ლაგოდეხის ეროვნული ნაკრძალით, სიღნაღში _ბოდბის მონასტერით, ყვარელში _ნეკრესით, ყვარლის ტბით, ილია ჭავჭავაძის მუზეუმით, საგარეჯოში_ დავით-გარეჯით, ახმეტაში კი _თუშეთით.

როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ტურისტულად დატვირთული სეზონი არის მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე. უწყებაში განმარტავენ, რომ 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს ტურისტების სიმრავლე შეინიშნება და აქედან გამომდინარე, მაღალი დატვირთვით მუშაობს სასტუმროები და კაფე- რესტორნები.

,, შიდა ტურიზმის გააქტიურებამ საკმაოდ დადებითი როლი ითამაშა სასტუმროების და გასტრონომიული სფეროს ფუნქციონირებაში. გარდა ამისა, გვაქვს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, რომლის მიზანია უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა, ტურისტული ინფრასტრუქტურის და პროგრამების, ტრანსპორტის, ძეგლებისა და დაცული ტერიტორიების, არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლების, კულტურული ფესტივალების, სახალხო დღესასწაულების და სხვათა შესახებ ინფორმაციის მიწვდა და სხვა”,- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.

უწყების ინფორმაციითვე, ტურისტულ სეზონს თელავის მუნიციპალიტეტი მომზადებული ინფრასტრუქტურით ხვდება.

,,ტურისტულ სეზონს მომზადებულები ვხვდებით. მანამდე, თელავში, QR- კოდები განთავსდა კულტურულ ობიექტებზე და ასევე ორ ლოკაციაზე _QR კუბები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია თელავის ისტორიული ძეგლების და სხვა მნიშვნელოვანი კულტურული თუ ტურისტული ობიექტების შესახებ ინფორმაციის მიღება. ასევე, განთავსდა ენერგოეფექტური სკამები, რომლებიც მზის ენერგიის გამოყენებით მუშაობს. მას აქვს უფასო wifi, ტელეფონის დამტენი და ლაითბოქსი, სადაც განთავსებულია თელავის ტურისტული რუკა და სხვა საინტერესო ინფორმაცია.

ასევე, იგეგმება ახალი პარკების გაშენება. ფუნქციონირებას დაიწყებს, პარტნიორი ქალაქი ბიბერახის მხრიდან დაფინანსებული, საკემპინგე ადგილი თელავში. მუნიციპალიტეტში ამჟამად სულ არის 145 საოჯახო და 35 სასტუმრო. თელავის საინფორმაციო ცენტრს, 2022 წლის იანვრიდან დღემდე, სულ 752 ვიზიტორმა (გერმანია, რუსეთი, საფრანგეთი, პოლონეთი) მიაკითხა. ცენტრს აკითხავენ ინდივიდუალურად მოგზაური სტუმრები, რომლებსაც აინტერესებთ ინფორმაცია მიღება -განთავსების ობიექტების, ღვინის მარნებისა და ქარხნების, ტრანსპორტის და გიდების შესახებ”,- განუცხადეს knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში მცხოვრები ახალგაზრდა თეონა თაბორიძე აცხადებს, რომ ეკო ტურისტული კომპლექსი ,,Melaanian Vintage’’, რომელიც მეორე წელია აამუშავა, ტურისტებს განთავსების ადგილებს სთავაზობს. მისი თქმით, საოჯახო სასტუმროში ამ ეტაპზე 4 ნომერი აქვს, რომელშიც 12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. მისივე თქმით, მეურნეობა ასევე ტურისტებს სთავაზობს მთის ჩაის მოპოვების ტურებს, რაც დიდ ინტერესს იწვევს.

,,ჩვენი ეკოტურისტული მეურნეობა რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: ეს არის საოჯახო სასტუმრო, სხვადასხვა მასტერკლასები, ინოვაციური ეკომიმართულება, ბიო -ნატურალური ჩაის შეთავაზება და სხვა. ჩვენი მეურნეობის ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია ბიო-ნატურალური ჩაი. გვაქვს ველური ვარდის კოკრების და ბარამბოს ფურცლების ჩაი. გვყავს როგორც ადგილობრივი დამსვენებლები, ასევე უცხოელი სტუმრები, ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ჩაის ტურით დაინტერესებული ადამიანები ღამისთევითაც სარგებლობენ და დანარჩენი სერვისებითაც. აღსანიშნავია, რომ ჩვენთვის წელს აქტიური სეზონია”,- განუცხადა Knews.ge-ს თეონა თაბორიძემ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში მცხოვრები ახალგაზრდა მარუსა ბურდულაძე აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით საქმიანობა ორი წლის წინ დაიწყო. მარუსა ამბობს, რომ წლევანდელი წელი მათთვის დატვირთული და აქტიურია. ახალგაზრდა ამბობს, რომ აქვთ საოჯახო სასტუმრო, სადაც ძირითადად ევროპიდან ჩამოსული ტურისტები რჩებიან.

,,10 წელია ტურისტულ სფეროში ვარ. 3 წელია საოჯახო ტიპის სასტუმრო მაქვს და ვიღებ ტურისტებს. კახეთი ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია, თბილისთანაც ახლოს ვართ და მცირე დროით ჩამოსულ ტურისტს აქვს საშუალება მოვიდეს და დარჩეს. რეგიონში ასევე უამრავი ადგილია, რომელიც შეგვიძლია ვიზიტორებს შევთავაზოთ: ესენია: ძველი ციხეები, ეკლესიები, ასევე ტრადიციული სამზარეულო, ღვინის ტური და სხვა. ძირითადად ესენი აინტერესებთ ტურისტებს. სტუმრები ევროპის ქვეყნებიდან გვყავს. პანდემიის დროს ტურიზმი ყველაზე მეტად დაზარალდა.

ამ დროს ძირითადად ქართველებს ვმასპინძლობდი_, კულინარულ და ღვინის ტურებს ვაკეთებდით და ვთავაზობდით კახეთის დათვალიერებას. იმისთვის, რომ მეტი ტურისტი შემოვიდეს, უნდა იყოს კარგი გზები და, გამართული ტურისტული ინფრასტრუქტურა., რაც მეტად განვითარდება კახეთი, მით მეტი ტურისტი შემოვა. მე არ მინდა რომ ტურისტი ჩემთან მხოლოდ მოვიდეს, დარჩეს და წავიდეს. მინდა, რომ ჩემს სოფელში შევთავაზო საფეხმავლო ტურები, ასევე სოფელში არის ძველი ტაძრები, ისტორიული ადგილები და ამ კუთხით მინდა ჩემი საქმიანობის განვითარება. ასევე მინდა ჩემი მარნის გაკეთება, რადგან გვაქვს ვენახები და მინდა ჩემი ღვინო შევთავაზო ვიზიტორებს”,- განუცხადა knews.ge-ს მარუსა ბურდულაძემ.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გასული თვის სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ივნისში ქვეყანაში 387,781 საერთაშორისო სტუმრის ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 164%-ით მეტია. თუმცა, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა ეს ნაკადი 47%-ით ნაკლებია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტურისტების რაოდენობა 2019 წლის 53%-ზე აღდგა.
ქვეყნების მიხედვით, სტატისტიკაში პირველ ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც გასულ თვეში 90,239 მოქალაქე შემოვიდა, ეს წინა წელთან შედარებით 503%-ით მეტია. რუსეთის შემდეგ, მეორე პოზიციას იკავებს თურქეთი, საიდანაც 62,000-ზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა.
TOP-15 ქვეყანა, საიდანაც ივნისში საქართველოში შემოვიდნენ:
1) რუსეთი – 90 239 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 503%
2) თურქეთი – 62 192 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 110%
3) სომხეთი – 61 974 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 365%
4) საქართველო (არარეზიდენტი) – 22 143 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 104%
5) ისრაელი – 20 555 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 30%
6) უკრაინა – 15 273 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან -1%
7) ყაზახეთი – 14 368 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 96%
8) აზერბაიჯანი – 13 067 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 89%
9) ბელარუსი – 12 284 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 222%
10) საუდის არაბეთი – 10 372 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 72%
11) ირანი – 9 454 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 599%
12) უზბეკეთი – 5 697 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 106%
13) გერმანია – 5 557 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 240%
14) პოლონეთი – 3 907 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 118%
15) აშშ – 3 195 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 87%

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი – 253,000 ვიზიტორი სახმელეთო გზით, 131,500 კი საავიაციო გზით შემოვიდა.