ივნისში თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვა-გადაზიდვის 393 ფაქტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ივნისში, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 29 326 კოლოფი (მათ შორის, 408 ელექტრონული სიგარეტი/სითხე) და 239 კილოგრამზე მეტი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 393 ფაქტი გამოავლინეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვათ.
265 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით, სასამართლოს გადაეგზავნა.
7 ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
ხოლო დანარჩენი 121 ფაქტი არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად ჩაითვალა და ამოღების ოქმები შედგა.