მთავრობამ გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმები მიიღო
მთავრობის სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებული „გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი დაამტკიცეს.
პროექტი მომზადებულია „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმებსა და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესს.
კანონის მიხედვით, გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, კანონით განსაზღვრული გამოსასწორებელი ღონისძიებები განახორციელოს საკუთარი ხარჯით და პასუხისმგებლობით, სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის მიხედვით.
გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების მიზანია დაზიანებული ბუნებრივი რესურსების და მომსახურებების აღდგენა, შემდეგი თანმიმდევრობის მიხედვით:
• დაზიანებული ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა;
• დაზიანებული ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობაში აღდგენა;
• დაზიანებული ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების აღდგენა დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან „სხვა ტერიტორიაზე“ გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების გზით.
პროექტის მიღების შედეგად, დადგინდება გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმები და განისაზღვრება მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესი, რაც მნიშვნელოვანია „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნის აღსრულებისათვის.