ახალი ამბები

დღეიდან ხორბლისა და ქერის ექსპორტი იკრძალება

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დღედან 2023 წლის 4 ივლისამდე ხორბლისა და ქერის ექსპორტი იკრძალება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდება.

მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე (ყოველწლიურად 500 ათასი ტონა) და მცირე წარმოების გამო ექსპორტს ვერ ახორციელებს, შექმნილი ვითარება აჩენს რისკს, ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბალი ექსპორტზე გავიდეს.

რაც შეეხება ქერს, საქართველოში წარმოებული ქერის ექსპორტი ერაყსა და ირანში ხორციელდება. მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეღორეობის დარგში საკვები რესურსი ქერი მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იქნას რეალიზებული. მიმდინარე წელს, ქერის საპროგნოზო მოსავალი 60 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს. დღეის მდგომარეობით, 2,5 ათას ტონაზე მეტი უკვე ექსპორტირებულია.

„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე, საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი აკრძალოს. ამ ეტაპზე, შეზღუდვები არ ვრცელდება სიმინდის ექსპორტზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხორბლისა და ქერის მწარმოებლებთან არაერთი შეხვედრა გამართა და მათი პოზიციები მოისმინა. მწარმოებლების განცხადებით, ადგილობრივი ბაზარი, არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ქვეყანაში წარმოებულ მოსავალს სრულად აითვისებს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

რაც შეეხება სტატისტიკას, 2021 წელს საქართველოდან 2 357 ტონა (612 ათასი დოლარის) ღირებულების ქერი გავიდა (ადგილობრივი ექსპორტი). აქედან ყველაზე დიდი რაოდენობით გაიყიდა:

ერაყში – 1 195 ტონა (337,6 ათასი დოლარის ღირებულების)
თურქეთში – 733 ტონა (169,3 ათასი დოლარის)
საუდის არაბეთი – 159 ტონა (40,9 ათასი დოლარის ღირებულების).
რაც შეეხება ადგილობრივი ხორბლის ექსპორტს, შარშან ქართული ხორბალი 3 ქვეყანაში გაიყიდა:

სომხეთი – 1 468 ტონა (365,4 ათასი დოლარი)
თურქეთი – 49,4 ტონა (16,7 ათასი დოლარი)
უკრაინა – 40 ტონა (10,8 ათასი დოლარი)
ჯამში 2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იქნა 1 557 ტონა ხორბალი, სულ 393 ათასი დოლარის ღირებულების.